ალერგიული კონიუქტივიტი

ალერგიული კონიუქტივიტი

ავტორი: ნინო ბალანჩივაძე

კონიუნქტივიტი, რომელსაც ასევე უწოდებენ “ვარდისფერ თვალს”, განისაზღვრება, როგორც კონიუნქტივის ანთება. კონიუნქტივა არის თხელი მემბრანა, რომელიც ამოფენს ქუთუთოების შიდა ზედაპირს და სკლერას (თვალის თეთრი ნაწილი). კონიუნქტივიტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია: წითელი თვალი და გამონადენი.

კონიუნქტივიტის გამომწვევი მრავალი პოტენციური მიზეზი არსებობს, მათ შორისა ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციები და ალერგიები. ყველა სახის კონიუნქტივიტი იწვევს თვალის სიწითლეს, თუმცა წითელი თვალის მქონე ყველა პაციენტს არ აქვს კონიუნქტივიტი. ტერმინი “ვარდისფერი თვალი” ძირითადად ეხება ვირუსებით გამოწვეულ კონიუნქტივიტს ( მაგ. ადენოვირუსები). ამიტომ, ეს ტერმინი არ უნდა იქნას გამოყენებული, როდესაც კონიუნქტივიტის გამომწვევი მიზეზი უცნობია ან იგი არ არის მიჩნეული ვირუსული ეტიოლოგიის კონიუქტივიტად.

ალერგიული კონიუნქტივიტის გამომწვევი მიზეზები

ალერგიული კონიუნქტივიტი გამოწვეულია ჰაერში არსებული ალერგენებით, რომლებიც კონტაქტშია თვალთან. სიმპტომები შეიძლება იყოს მწვავე, სეზონური ან მიმდინარე წლის განმავლობაში (მრავალწლიანი), რომელიც დამოკიდებულია ალერგენზე.

მწვავე ალერგიული კონიუნქტივიტი – მწვავე ალერგიული კონიუნქტივიტი არის უეცრად განვითარებული რეაქცია, რომელიც ემართება ადამიანს ცნობილ ალერგენთან კონტაქტის შემდეგ, მაგალითად კატის ბეწვთან კონტაქტისას. სიმპტომები მოიცავს ქავილის ინტენსიურ ეპიზოდებს, სიწითლეს, ცრემლდენას და ქუთუთოს შეშუპებას. სიმპტომები შეიძლება იყოს მძიმე, თუმცა ისინი ჩვეულებრივ ქრება ალერგენთან კონტაქტის შეწყვეტიდან 24 საათის განმავლობაში.

სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტი – სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტი (SAC) არის თვალის ალერგიის ფორმა, რომელიც ჩვეულებრივ იწვევს მსუბუქ (მაგრამ უფრო მდგრად) სიმპტომებს მტვერთან კონტაქტისას, კონკრეტულ სეზონზე. სეზონური ალერგენები შეიძლება იყოს ხეების მტვერი გაზაფხულზე, ბალახის მტვერი ზაფხულში და სარეველა მცენარეების მტვერი ზაფხულის ბოლოს და შემოდგომაზე, თუმცა არსებობს გარკვეული ცვალებადობა გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე.

მრავალწლიანი ალერგიული კონიუნქტივიტი – მრავალწლიანი ალერგიული კონიუნქტივიტი (PAC) არის მსუბუქი, ქრონიკული, ალერგიული კონიუნქტივიტი, რომელიც დაკავშირებულია მთელი წლის განმავლობაში გარემოს (ჩვეულებრივ შიდა) ალერგენებთან, როგორიცაა მტვრის ტკიპები, ცხოველების ბეწვი და ობი.

ალერგიული კონიუნქტივიტის სიმპტომები

ალერგიული კონიუნქტივიტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია სიწითლე, წყლიანი გამონადენი და ორივე თვალის ქავილი.  სიმპტომები ასევე შეიძლება მოიცავდეს წვას, სინათლის მიმართ მგრძნობელობას და ქუთუთოების შეშუპებას.  ალერგიული კონიუქტივიტის დროს როგორც წესი, ორივე თვალი ზიანდება, თუმცა სიმპტომები შეიძლება უფრო რთული იყოს ერთ-ერთ თვალზე. თვალების სრესამ შეიძლება გააუარესოს სიმპტომები.

ალერგიული კონიუნქტივიტის მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ ისტორია სხვა ალერგიული მდგომარეობების გამოვლინებისა, როგორიცაა ეგზემა, სეზონური ალერგია ან სპეციფიკური ალერგია (მაგ., კატებზე).

ალერგიული კონიუნქტივიტის მკურნალობა

ალერგიული კონიუნქტივიტის სიმპტომების სამკურნალოდ არსებობს მთელი რიგი დანიშნულებები. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია თვალის  მოვლა.

თვალის  მოვლა

● მოერიდეთ თვალების სრესას. თუ ქავილი გაწუხებთ, გამოიყენეთ ხელოვნური ცრემლი, ცივი კომპრესები ან ანტიჰისტამინური თვალის წვეთები.

● თუ შესაძლებელია მაქსიმალურად მოერიდეთ მტვრის ზემოქმედების ქვეშ ყოფნას, დახურეთ მანქანისა და სახლის ფანჯრების ალერგიის პიკის სეზონზე.

●მთელი წლის ალერგიული კონიუნქტივიტის მქონე ადამიანებმა უნდა მიმართონ სპეციალისტს, რათა დაადგინონ, რომელი ალერგენია პასუხისმგებელი მათ სიმპტომებზე (მაგ. მტვრის ტკიპა, კატის ბეწვი და სხვა).

მედიკამენტები

● კონიუქტივიტის მწვავე სიმპტომების გამოვლინებისას  პაციენტებს შეუძლიათ გამოიყენონ კომბინირებული ანტიჰისტამინური/ვაზოკონსტრიქტორი თვალის წვეთები დღეში ოთხჯერ ორი კვირის განმავლობაში. ისინი ხელმისაწვდომია რეცეპტის გარეშე.

●სეზონური ან მთელი წლის სიმპტომების მქონე ადამიანებს ჩვეულებრივ მკურნალობენ კომბინირებული ანტიჰისტამინური/მასტოციტების სტაბილიზატორი თვალის წვეთებით, რომელთა ნაწილს სჭირდება რეცეპტი. კეტოტიფენი და ოლოპატადინი არის ამ კატეგორიის თვალის წვეთები, რომლებიც ხელმისაწვდომია რეცეპტის გარეშე.

 ●ორალური ანტიჰისტამინი შეიძლება იყოს ყველაზე სასარგებლო, მაშინ როდესაც ის მიიღება პრევენციულად (სიმპტომების განვითარებამდე). თუმცა, ანტიჰისტამინები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სიმპტომების დაწყების შემდეგ სამკურნალოდ, თუმცა  შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში დიდი სარგებელი არ გამოვლინდეს.

არასედაციური პერორალური ანტიჰისტამინები მოიცავს ფექსოფენადინს, ლორატადინს, დესლორატადინს, ცეტირიზინს  და ლევოცეტირიზინს.  

დიფენჰიდრამინი  არის ხანმოკლე მოქმედების, სედაციური ანტიჰისტამინი, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნას ძილის წინ ღამის ქავილის შესამცირებლად.

თუ ალერგიული კონიუნქტივიტის სიმპტომები არ გაუმჯობესდა ზემოაღნიშნული მკურნალობის დაწყებიდან ორ- სამ კვირაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ოფთალმოლოგს შეფასებისთვის.

თვალის სიმშრალის მკურნალობა – ალერგიული კონიუნქტივიტის მქონე ადამიანების ორგანიზმი ხშირად გამოიმუშავებს არასაკმარისი რაოდენობით ცრემლს, ამან შეიძლება გამოიწვიოს თვალის სიმშრალე, რამაც შეიძლება გააუარესოს  კონიუქტივიტის სიმპტომები. თუმცა, თვალის გამოკვლევის გარეშე ყოველთვის არ არის შესაძლებელი იმის დადგენა აქვს, თუ არა ადამიანის ცრემლს ადეკვატური წარმოება.

თუ დადგინდა ცრემლის არასათანადო წარმოება, მკურნალობა ხშირად მოიცავს დამატენიანებელი თვალის წვეთების ან მალამოს გამოყენებას. ეს პროდუქტები ურეცეპტოდ იყიდება აფთიაქების უმეტესობაში. კონსერვანტების გარეშე პრეპარატები უფრო ძვირია და საჭიროა მხოლოდ მშრალი თვალის მძიმე შემთხვევის მქონე ადამიანებისთვის და კონსერვანტების მიმართ ალერგიული პირებისთვის.

დამატენიანებელი წვეთები შეიძლება გამოყენებულ იქნას ხშირად გვერდითი ეფექტების გარეშე. მალამო უფრო ხანგრძლივ შვებას იძლევა, მაგრამ მხედველობის დროებით დაბინდვას იწვევს. ამ მიზეზით, ზოგიერთი ადამიანი მალამოს მხოლოდ ძილის წინ იყენებს. თუ ერთი ბრენდის წვეთი ან მალამო გამაღიზიანებელია პაციენტისთვის, შეიძლება ღირდეს სხვა ბრენდის გამოყენება, რადგან თითოეული პრეპარატი შეიცავს სხვადასხვა აქტიურ და არააქტიურ ინგრედიენტებს და კონსერვანტებს.