აკადემიკოს გულნარა ჩაფიძის სახელობის კონკურსი – მომავლის ექიმებისთვის!

აკადემიკოს გულნარა ჩაფიძის სახელობის კონკურსი – მომავლის ექიმებისთვის!

ქართული გადაუდებელი მედიცინის ჟურნალის სახელით ვგეგმავთ აკადემიკოს გულნარა ჩაფიძის სახელობის კონკურსის ჩატარებას ონლაინ ფორმატში – პროექტს, რომელიც არა მხოლოდ ახალგაზრდა ექიმების ცოდნასა და ნიჭს, არამედ მათი პროფესიული თავდადების და მედიცინისადმი სიყვარულის დაფასებას ემსახურება.

ქალბატონი გულნარა (გულიკო) ჩაფიძე იყო URGENTULI კარდიოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში – ქალი, რომელმაც ურთულეს წლებში ქართული მედიცინის ხსნა საკუთარ მისიად აქცია. 90-იანების გაუსაძლის სიბნელეში, როდესაც საქართველო უმძიმეს კრიზისს განიცდიდა, მან შექმნა პირველი თანამედროვე ინფარქტის განყოფილება, საფუძველი ჩაუყარა ინვაზიური კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის განვითარებას.

მაგრამ მისი ყველაზე დიდი საქმე მაინც ადამიანები იყვნენ – სტუდენტები, ახალგაზრდა ექიმები, მისი მოწაფეები, რომლებსაც საკუთარი ცოდნა და გამოცდილება დაუტოვა. მან არამარტო გადაარჩინა სიცოცხლეები, არამედ შექმნა ახალი თაობა, რომელიც დღესაც აგრძელებს მის გზას.

ეს კონკურსი არის მათთვის, ვისაც გულში ის ცეცხლი უგიზგიზებს, რაც ქალბატონ გულიკოს ჰქონდა – მედიცინის სიყვარული, განვითარების სურვილი და ბრძოლა უფრო მაღალი მიზნებისთვის!

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

1. უნდა იყოთ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი (მინიმუმ მე-3 კურსიდან);

2. უნდა გაინტერესებდეთ კარდიოლოგიის მიმართულება;

3. სასურველია გერმანული ენის ცოდნა (არა სავალდებულო), მაგრამ ინგლისური აუცილებელია;

უნდა წარმოადგინოთ საინტერესო ნაშრომი, რომელიც შეეხება თანამედროვე მედიცინის მიღწევებსა და სიახლეებს. ნაშრომი შეიძლება იყოს მედიცინის ნებისმიერი სფეროდან.

გამარჯვებული კონკურსანტი ჩვენი გერმანელი კოლეგების (ქალბატონი გულიკოს მეგობრების) მხარდაჭერით და ჟურნალის ხელშეწყობით, გაივლის ორ კვირიან სტაჟირებას გერმანიაში, ბად-კროცინგენის გულის ცენტრში – შესაძლებლობა, რომელიც ახალგაზრდა ექიმებისთვის უდიდესი პროფესიული ნაბიჯი იქნება!

ასევე, საუკეთესო 2 კონკურსანტი მიიღებს სიმბოლურად ფულად პრიზს.

ეს კონკურსი არა მხოლოდ აკადემიური წარმატების, არამედ იმ თავდადების, შემართებისა და ინოვაციური აზროვნების დაფასებაა, რომელიც ქალბატონ გულნარა ჩაფიძეს ასე ძალიან უყვარდა!

დეტალებზე დამატებითი ინფორმაცია მალე გახდება ხელმისაწვდომი. დეტალური ინფორმაციისთვის მოგწერეთ: thegeorgianjournal@gmail.com

. #გულნარა_ჩაფიძე #კარდიოლოგია #ახალგაზრდაექიმები #სტიპენდია #გერმანია #გულიკოსგზა

ქართული გადაუდებელი მედიცინის ჟურნალი გისურვებთ წარმატებას.