რა არის ურტიკარია. (ჭინჭრის ციება)

რა არის ურტიკარია. (ჭინჭრის ციება)

ავტორი: თამარ გურეშიძე-ჩიტაიშვილი

ურტიკარია გამოვლინდება როგორც კანის ზედაპირიდან ამოწეული ბრტყელი ელემენტები, სურათი 1. რაც  ხასიათდება ძლიერი ქავილით. ლაქები კანის სხვა უბნებთან შედარებით შეშუპებული ან ამობურცულია. სურათი 2. ღია ფერის კანზე ადვილად  შესამჩნევია მოწითალო შეფერილობა, რასაც ვერ ვიტყვით მუქი ფერის კანზე. სურათი 3.

სურათი 1.

ჭინჭრის ციება არის გამონაყარი, რომელიც ჩვეულებრივ ძალიან ძლიერი ქავილით ხასიათდება. იგი ქრება და ჩნდება. კანზე ნაწიბურს ან სხვა სახის კვალს არ ტოვებს.

სურათი 2.

პაციენტი რომელსაც აღენიშნება მრავლობითი ელემენტები კანზე.

სურათი 3.

მუქი ფერის კანზე ჭინჭრის ციება კანის შეშუპებულ, აწეულ უბანს ჰგავს. ფერის განსხვავება ადვილად შესამჩნევი არ არის.

ურტიკარია შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციის  ან  ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტიურების სხვა მიზეზის გამო. ხშირ შემთხვევაში ურტიკარია აღმოცენებიდან რამოდენიმე საათში თავისით ქრება, თუმცა ზოგიერთ ადამიანს შესაძლებელია განუვითარდეს გამონაყრის რამდენიმე ეპიზოდი.

ჭინჭრის ციების მქონე ადამიანებს შესაძლოა განუვითარდეთ ‘’ანგიონევროზული შეშუპება“. სურათი 4.  ანგიოედემა კანის შეადრებით ღრმა არეების შეშუპებაა, რომლის ძირითადი ლოკალიზაციაა სახე, ქუთუთოები, ყურები, პირი, ხელები, ფეხები და გენიტალიები.  სურათი 5.

სურათი 4.

ჭინჭრის ციება და  სახის შეშუპება ერთდროულად.

სურათი 5.

ანგიონევროზული შეშუპება, კანქვეშ არსებული ქსოვილის შეშუპებაა. ამ სურათზე ნაჩვენებია ტუჩების ანგიოედებმა.

რატომ  ჩნდება ურტიკარია ?

პირველადად აღმოცენებული ურტიკარიული გამონაყრის უხშირესი მიზეზი ალერგიული რეაქციაა.

უხშირესი ალერგიის გამომწვევი აგენტებია:

  • მედიკამენტები. მაგ.  ანტიბიოტიკები, ასპირინი  და სხვა.
  • საკვები. მაგ.  კვერცხი, თხილეული,  თაფლი, ზღვის პროდუქტები, ციტრუსები და ა.შ
  • მცენარეები.
  • ლატექსი.
  • მწერის ნაკბენი.

როდესაც ურტიკარიის გამომწვევი აგენტის იდენთიფიცირება ხდება, რეკომენდებულია ალერგენთან კონტაქტის თავიდან არიდება.

ურტიკარია ასევე  შესაძლოა განპირობებული იყოს მწვავე ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციით. ამ დროს თქვენი იმუნური სისტემა აქტიურდება ინფექციასთან საბრძოლველად. ჭინჭრის ციება შესაძლოა განვითარდეს ინფექციის გაადატანიდან რამოდენიმე დღის ან კვირის შემდეგ. ხშირად პაციენტებს ახსოვს გადატანილი ინფექციის შესახებ და შეუძლია მისი აღწერა. თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც ვირუსული ინფექცია მსუბუქი სიმპტომატკომპლექსის გამოხატულებით მიმდინარეობს და პაციენტი ვერ ახერხებს გადატანილი ავადობის იდენთიფიცირებას. ვირუსულ ინფექციასთან ასოცირებული ურტიკარია ჩვეულებრივ რამოდენიმე დღე  გრძელდება.

 ზემოდ აღნიშნული ალერგიული აგენტების გარდა, ურტიკარია ასევე შესაძლოა განვითარდეს შემდეგი ფაქტორებით:

  • ცივი ჰაერი, წყალი , მზის ზემოქმედება კანზე;
  • ვარჯიში.
  • კანზე მექანიკური ზეწოლა ან ვიბრაციული აგენტი.
  • სხეულის ტემპერატურის ცვლილება (მაგ. გაგრილება ცხელი შხაპის ან ფიზიკური დატვირთვის შემდეგ).

ხშირ შემთხვევაში, ურტიკარიის მაპროვოცირებელი ფაქტორის იდენთიფიცირება ვერ ხერხდება.

რა არის ქრონიკული ურტიკარია (ჭინჭრის ციება) ?

უხეშად რომ ვთქვათ, ტერმინი „ქრონიკული“ ნიშნავს გრძელვადიანს, გახანგრძლივებულს. თუ ურტიკარიული გამონაყარი ხანგრძლივდება 6 კვირაზე მეტხანს, მდგომარეობას ქრონიკული ურტიკარია ეწოდება. უხშირესად ქრონიკული ურტიკარიის მიზეზი დაუდგენელია. უმეტეს შემთხვევაში ქრონიკული ურტიკარიის დროს საჭიროა მუდმივი მკურნალობა, რათა მოხდეს გამონაყრის შესაბამისი მართვა.  საბედნიეროდ ქრონიკული ურტიკარია დროთაგანმავლობაში თვითლიმიტირდება.

რა სიმპტომებით გამოვლინდება ქრონიკული ურტიკარია?

ქორინკული ურტიკარიის გამოვლენა მწვავე ურტიკარიის მსგავსია, იგი ხასიათდება კანზე შეშუპებული, მოწითალო, ამოწეული უბნებით. როგორც წესი ხასიათდება ქავილით, განსაკუთრებით ღამით.

ელემენტები ქრება და ჩნდებ, მაგრამ ზოგიერთმა ფაქტორმა შეიძლება გააუარესოს სიმპტომები. მაგალითად:

●სითბო,  ცხელი შხაპი ან ცხელი, ნოტიო ამინდი

●მჭიდრო ტანსაცმელი, ქამრები ან სხვა  ტანსაცმლის თასმები

●არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორის ასპირინი, იბუპროფენი და ნაპროქსენი.

●ალკოჰოლი

●სტრესი

●გარკვეული საკვები, როგორიცაა ცხარე საკვები

●გაციება

●ძილის დეფიციტი

● მენსტრუალური ციკლის გარკვეული დრო (ჩვეულებრივ,  პერიოდის წინ და მისი მიმდინარეობით განმავლობაში)

ქრონიკული ჭინჭრის ციება არ არის გამოწვეული კვებითი ალერგიით, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი მიუთითებს, რომ მათი მდგომარეობა უარესდება გარკვეული საკვების მიღების შემდეგ.

ქრონიკული ურტიკარიის მქონე ადამიანს შესაძლოა აღენიშნებოდეს ანგიოედემაც, ზოგიერთ ადამიანს ასევე გამოხატული აქვთ სხვა ზოგადი სიმპტომებიც, როგორიცაა მაგალითად – ცხელება, თავის ტკივილი ან დაღლილობის შეგრძნება.

საჭიროა თუ არა ლაბორატორიული ანალიზები?

უმეტესად არა. თქვენი ექიმი, თქვენი სამედიცინო ისტორიის გაცნობით გაარკვევს გაქვთ თუ არა ქრონიკული ურტიკარია.

მათ შეიძლება დაგინიშნონ სისხლის ანალიზი, რათა გამორიცხონ ქრონიკული ურტიკარიის გამომწვევი სხვა მიზეზები.

როგორ  ვუმკურნალობთ  ურტიკარიას ?

შესაძლებელია ურტიკარია  მკურნალობის გარეშეც, რამოდენიმე დღეში ან  კვირაში თავისით  გაქრეს. თუ კი პირველად გაქვთ ურტიკარია აუცილებლად მიმართეთ ექიმს რათა დაგეხმაროთ ადეკვატური მკურნალობის დაგეგმვაში. მკურნალობის დაწყების შემთხვევაში პირველ რიგში უნდა გამოვიკვლიოთ გამომწვევი ფაქტორი და აღმოჩენის შემთხვევაში თავიდან ავირიდოთ იგი.

ქავილის შესამსუბუქებლად ექიმის დანიშნულებით უნდა გამოვიყენოთ ანტიჰისტამინური მედიკამენტები.

თუ თქვენი გამონაყარი ინტენსიურია და მდგომარეობა არ უმჯობესდება, ასეთ შემთხვევაში,  ექიმმა შესაძლოა შემოგთავაზოთ  სტეროიდების მოკლე კურსი. სტეროიდები კარგად მოქმედებს ქავილის და შეშუპების წინააღმდეგ. თუმცა, მათი არარაციაონალური გამოყენება სიცოცხლისთვის საშიშია, ასევე მათი ხანგრძლივი გამოყენება ასოცირებულია მძიმე გვერდით მოვლენებთან. სტეროიდებით მკურნალობის საკითხი განხილულ უნდა იქნას ექიმთან ერთად და დაუშვებელია თვითმკურნალობა.

როდის  უნდა  გამოვიძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება?

დარეკეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოსაძახებლად (საქართელოში 1-1-2) თუ პაციენტს მოულოდნელად განუვითარდა ურტიკარია ან შეშუპება და აქვს შემდეგი სიმპტომები:

  • გაძნელებული სუნთქვა, ჩახლეჩილი ხმა, მსტვენავი ხასიათის სუნთქვა.
  • პირის და ხორხის შეშუპება.
  • ყლაპვის გაძნელება.
  • თავბრუსხვევა და გონების კარგვა.

მდგომაროების გასაუმჯობესებლად რა შემიძლია გავაკეთო დამოუკიდებლად?

შეეცადეთ თავიდან აიცილოთ ის, რაც ჩვეულებრივ აუარესებს ქრონიკულ ჭინჭრის ციებას. მაგალითად, მოერიდეთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებას ან ალკოჰოლის დალევას. მოერიდეთ ცხელ შხაპს ან მჭიდრო ტანსაცმელს. ეცადეთ, საკმარისად გეძინოთ ღამის განმავლობაში. თუ თქვენი სიმპტომები უარესდება გარკვეული საკვების მიღებისას, შეეცადეთ თავიდან აიცილოთ ეს საკვები. მაგრამ თუ თავის არიდება გიწევთ ბევრი სახის საკვებთვის, აუცილებლად აცნობეთ ექიმს.