რა არის კრუპი?

რა არის კრუპი?

ავტორი: ნანო შვანგირაძე

“კრუპი” არის ტერმინი, რომელსაც ექიმები იყენებენ ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქციის (შევიწროების, დახშობის) გამოხატვისთვის  (სურათი 1).

კრუპი ხშირია 6 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში და იშვიათად გვხვდება 6 წლის შემდეგ. კრუპი გამოვლინდება მყეფავი ხველით. ბავშვების უმეტესობაში კრუპი თვითლიმიტირდება ანუ თავისით ქრება. მაგრამ კრუპით დაავადებულ ზოგიერთ ბავშვს ესაჭიროება ექიმის კონსულტაცია. 

სურათი 1.

რა სიმპტომები ახასიათებს კრუპს?

კრუპი ჩვეულებრივ იწყება როგორც ჩვეულებრივი გაციება. ბავშვებს, საწყის ეყაპზე აღენიშნებათ ცხვირიდან გამონადენი. ხოლო ერთი ან 2 დღის შემდეგ გამოუვლინდებათ: 

●ხველა, რომელიც ძაღლის ყეფას ჰგავს

● ეცვლებათ ხმის ტემბრი ან კარგავენ ხმას

●ვლინდება ცხელება (38°C)

●ასევე ხმაურიანი სუნთქვა, მაღალი ტონალობის ჩასუნთქვა (ე.წ. “სტრიდორი”), რომელიც განსაკუთრებული სიმკვეთრით გამოხატულია მაშინ, როცა ისინი აქტიურები არიან ან ნერვიულობენ.

სიმპტომები ჩვეულებრივ უარესდება ღამით.

უნდა გამოვიძახოთ თუ არა სასწრაფო სამედიცინო დახმარება  და ან მივმართოთ ექიმს?

კრუპით დაავადებული ბავშვების უმეტესობას არ სჭირდება ექიმის კონსულტაცია. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ რამდენიმე მნიშვნელოვან სიმპტომს.

გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება (საქართველოში სსდ 112 ან სსდ “პედიატრი” 16 112), თუ ბავშვი:

●ხდება ციანოზური ან ძალიან ფერმკრთალია.

●ძალიან უჭირს სუნთქვა.

●არ შეუძლია ლაპარაკი ან ტირილი, ეს მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მათ არ შეუძლიათ საკმარისი ოდენობით ჰაერის ჩასუნთქვა.

●ძალიან მოწყენილია.

●ძალიან ეძინება ან არ გპასუხობთ.

დაუკავშირდით თქვენი ბავშვის ექიმს, თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან შფოთავთ თქვენს შვილთან დაკავშირებით ან თუ:

●მისი ხველა არ გაივლის.

●თუ ვლინდება ნერწყვდენა ან ყლაპვის გაძნელება.

●ის გამოსცემს ხმაურიან, მაღალი ტონალობის ხმას სუნთქვისას, თუნდაც მხოლოდ მოსვენებულ მდგომარეობაში.

●კანი და კუნთები მათ ნეკნებს შორის ან ნეკნების ქვემოთ ისე გამოიყურება, თითქოს ისინი ჩაზნექილია (ეს მიუთითებს რომ გაზრდილია სუნთქვაზე დახარჯული ძალისხმევა) (სურათი 2).

●თქვენი ჩვილი 3 თვეზე უმცროსი ასაკის არის და აქვს ცხელებაც (ტემპერატურა 38°C-ზე მაღალი).

●ასევე, ჩვილი 3 თვეზე მეტი ასაკისაა, აქვს ცხელება (38°C-ზე მაღალი)  და იგი ხანგრძლივდება 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

●კრუპის სიმპტომები გრძელდება 7 დღეზე მეტ ხანს.

როგორ მკურნალობენ კრუპს?

კრუპის ძირითადი მკურნალობა გულისხმობს ბავშვისთვის საკმარისი ჟანგბადის მიწოდებას. 

ამისათვის ექიმმა ან ექთანმა შეიძლება მისცეს:

●დატენიანებული ჟანგბადი ან მაღალი პროცენტით ჟანგბადი.

●ასევე მედიკამენტები, რომელებიც ამცირებს შეშუპებას  და ხსნის სასუნთქ გზებს.

ანტიბიოტიკები არ მოქმედებს კრუპის სინდრომის დროს. რადგან კრუპი ძირითადად გამოწვეულია ვირუსული ინფექციით და ანტიბიოტიკებს არანაირი დადებითი ზეგავლენა არ აქვს ავადობის მიმდინარეობაზე. უფრო მეტიც, არარაციონალური ანტიბიოტიკოთერაპია ზიანის მომტანია როგორც ბავშვისთვის, ასევე გარშემომყოფთათვის.

რა შემიძლია გავაკეთო იმისთვის, რომ ჩემმა შვილმა თავი უკეთ იგრძნოს?

თქვენ შეგიძლიათ:

●დაჯდეთ სააბაზანოში ბავშვთან ერთად,სადაც  საშხაპეში ჩამდინარე ცხელი წყალი ქმნის ორთქლს. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატენიანებელი იმ ოთახში, სადაც ბავშვს სძინავს.

● ბავშვმა ჩაისუნთქოს სუფთა ჰაერი, თუ გარეთ ცივა, ამის გაკეთება შეგიძლიათ ფანჯრის გაღებით რამდენიმე წუთის განმავლობაში. გაახვიეთ ბავშვი საბანში, რომ თბილად იყოს.

● მართეთ ცხელება ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტებით, როგორიცაა აცეტამინოფენი ან იბუპროფენი. არასოდეს მისცეთ ასპირინი 18 წლამდე ასაკის ბავშვს.

●დარწმუნდით, რომ ბავშვს საკმარისი სითხე მიეწოდება. თუ ის 1 წელზე უფროსია, ყელზე დადებითი ეფექტის მოსახდენად მიაწოდეთ თბილი სითხეები.

● დააძინეთ ბავშვი იმავე ოთახში, სადაც თქვენ გძინავთ, რათა დაუყოვნებლივ გაიგოთ სუნთქვის ცვლილებები.

●მოარიდეთ ბავშვი მწეველ ადამიანებს. არავის მისცეთ უფლება, გამოიყენოს თამბაქო თქვენს სახლში. (ეს რეკომენდაცია უნივერსალურია. ეხება ყველა იმ ოჯახს სადაც ბავშვი იზრდება). 

როგორ ემართება ბავშვებს კრუპი?

კრუპს იწვევს ვირუსები, რომლებიც ადვილად ვრცელდებიან ადამიანიდან ადამიანზე. ეს ვირუსები ცხოვრობენ წვეთებში, რომლებიც ჰაერშია შეწონილი. როდესაც ავადმყოფი ახველებს ან აცემინებს ვირუსი მარტივად ხვდება სხვა ადამიანის სასუნთქ გზებში.

შესაძლებელია თუ არა კრუპის პრევენცია?

კრუპის განვითარების რისკის შესამცირებლა:

●ხშირად დაიბანეთ ხელები და ასევე ბავშვს დაბანეთ ხელები  საპნითა და წყლით, ან გამოიყენეთ სპეციალური ანტისეპტიკური ხსნარები.

●მოერიდეთ სხვა მოზრდილებს და ბავშვებს, რომლებიც ავად არიან.

●დარწმუნდით, რომ ბავშვს ჩატარებული აქვს ყველა რეკომენდებული ვაქცინა, მათ შორის გრიპის საწინააღმდეგო. გაიკეთეთ გრიპის საწინააღმდეგო აცრა თქვენც.