თავის ტკივილი – მიმოხილვა

თავის ტკივილი – მიმოხილვა

ავტორი: ნინო ბალანჩივაძე

თავის ტკივილის უმეტესობა სიცოცხლისთვის საშიში დაავადებებით არ არის გამოწვეული თუმცა, შეიძლება ადამიანის ორგანიზმისთვის საკმაოდ დამაუძლურებელი იყოს. ტკივილის უმეტესობა შემდეგ კატეგორიებად იყოფა :

● დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი

● შაკიკი

● კლასტერული თავის ტკივილი

თავის ტკივილის ტიპებს შორის გარკვეული გადაფარვაა, თუმცა ზოგიერთი ძირითადი სიმპტომი მათი ერთმანეთისგან გარჩევაში გვეხმარება. ეს სამი ტიპი „პირველადი თავის ტკივილის დარღვევების“ უმრავლესობას წარმოადგენს. პირველადი თავის ტკივილის დარღვევა არის  ტკივილი, რომელიც სხვა სამედიცინო მდგომარეობით არ არის გამოწვეული. თავის ტკივილის ამ სამი ძირითადი ტიპიდან ნებისმიერი შეიძლება გახშირდეს და ზოგიერთ ადამიანში ყოველდღიურადაც კი გამოვლინდეს. ყოველდღიური თავის ტკივილის არსებობამ შეიძლება პაციენტს ეჭვი შეატანინოს ტკივილის შემაშფოთებელ მიზეზებში, განსაკუთრებით თუ ეს ახალი მოვლენაა. პაციენტის ანამნეზისა და გამოკვლევების მიხედვით, შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი ტესტირებები.  

დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი

დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილის სიმპტომებია:

● თავის ან კისრის ორივე მხარეს ზეწოლა ან დაჭიმულობა

● მსუბუქიდან საშუალო ინტენსივობის ტკივილი, რომელიც მუდმივია და არ პულსირდება

● ტკივილი არ ძლიერდება აქტივობით

● ტკივილის ინტენსივობა შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს თავის ტკივილის მიმდინარეობისას

● შეიძლება იყოს მგრძნობელობა თავის, კისრის ან მხრების კუნთებში

დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილის მქონე ადამიანები ხშირად გრძნობენ სტრესს ან დაძაბულობას თავის ტკივილის დაწყებამდე. შაკიკისგან განსხვავებით, ტკივილის ეს სახეობა სხვა სიმპტომების გარეშე ვითარდება, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, სინათლისა და ხმების მიმართ მგრძნობელობა ან აურა.

შაკიკის თავის ტკივილი

შაკიკის დროს თავის ტკივილი იწვევს საშუალო და ძლიერი ტკივილის შეგრძნებას, რომელიც უარესდება სინათლის, ხმაურისა და მოძრაობის დროს. ზოგიერთ ადამიანს ასევე აღენიშნება გულისრევა და ღებინება. შაკიკის ტკივილი, როგორც წესი, რამდენიმე საათს გრძელდება, მაგრამ შეიძლება სამ დღემდე გაგრძელდეს. როდესაც ადამიანს შაკიკი აწუხებს, როგორც წესი, მისთვის დამამშვიდებელია გამორთული შუქით დასვენება წყნარ ოთახში. ქალები უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე მამაკაცები. ხშირად შაკიკის ახალი შეტევა აღენიშნებათ სქესობრივი მომწიფების ან რეპროდუქციული  ასაკში. ზოგიერთი ქალი აღნიშნავს თავის ტკივილის ცვლილებებს მენოპაუზის პერიოდში.

კლასტერული თავის ტკივილი

კლასტერული თავის ტკივილი არის ძლიერი, დამაუძლურებელი თავის ტკივილი, რომელიც განმეორებით „კლასტერებად“ მეორდება, ხშირად დღის გარკვეულ მონაკვეთებსა და წლის გარკვეულ დროს კვირების ან თვეების განმავლობაში, რასაც მოჰყვება თავის ტკივილის გარეშე პერიოდები. კლასტერული თავის ტკივილი შედარებით იშვიათია და აწუხებს ადამიანების 1 პროცენტზე ნაკლებს. მამაკაცები უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ქალები, პიკური ასაკი კი 25-დან 50 წლამდეა. ადამიანები, რომლებსაც კლასტერული თავის ტკივილი აქვთ, ჩვეულებრივ, მოუსვენრები და აღგზნებულები ხდებიან და ხშირად აჩქარებულები არიან თავის ტკივილის დროს. მოუსვენრობის შეგრძნება კარგი საშუალებაა კლასტერული თავის ტკივილისა და შაკიკისგან განსხვავების დასადგენად, რადგან მოუსვენრობა, როგორც წესი, შაკიკთან ერთად არ გვხვდება.

კლასტერული თავის ტკივილი:

● იწყება სწრაფად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე და პიკს რამდენიმე წუთში აღწევს.

● თავის ტკივილი, როგორც წესი, ღრმა, აუტანელი, უწყვეტი და ფეთქებადი ხასიათისაა, თუმცა ზოგჯერ შეიძლება იყოს პულსირებადი და მფეთქავი.

● შეტევა შეიძლება დღეში რვაჯერ განვითარდეს, მაგრამ, როგორც წესი, ხანმოკლეა (15 წუთიდან სამ საათამდე).

● ტკივილი, როგორც წესი, იწყება თვალის ან საფეთქლის არეში ან მის გარშემო; იშვიათად, ის იწყება სახეში, კისერში, ყურში ან თავის გვერდზე.

● ტკივილი ყოველთვის ცალ მხარესაა.

● კლასტერული თავის ტკივილის მქონე ადამიანების უმეტესობა მოუსვენარია და შეიძლება ნელა მოძრაობდეს ან ირწეოდეს შეტევის მიმდინარეობისას.

● კლასტერული თავის ტკივილი ასოცირდება თვალის სიწითლესთან და ცრემლის გამოყოფასთან ტკივილის მხარეს, ცხვირის გაჭედვასთან და სურდოსთან, ოფლიანობასთან და კანის სიფერმკთალესთან.

● ზოგიერთ ადამიანს მტკივნეულ მხარეს აღენიშნება სინათლისადმი მგრძნობიარე თვალი.

კლასტერული თავის ტკივილი შეიძლება ნებისმიერ ასაკში დაიწყოს.  ტკივილის ეს სახეობა უფრო მეტად აღენიშნებათ ადამიანებს, რომელთა ოჯახის წევრებს აქვთ მსგავსი ანამნეზი.  ალკოჰოლის მიღება შეიძლება გახდეს კლასტერული თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზი. ასევე, მწეველებს უფრო მეტად აქვთ ტკივილის უფრო მძიმე შემთხვევები.

 პირველადი თავის ტკივილის სინდრომების დიფერენცირება

პირველადი თავის ტკივილის სინდრომებს შორის არსებობს გარკვეული გადაფარვა , რაც ართულებს სამ მათგანს შორის განსხვავების დადგენას. თავის ტკივილის სხვადასხვა ტიპის დიფერენცირებისთვის ხშირად ყველაზე სასარგებლოა სიმპტომები, რომლებიც თავის ტკივილის ყველაზე ძლიერი ტკივილის დროს ვლინდება. ზოგიერთმა შაკიკის დროს შეიძლება გამოიწვიოს ცრემლდენა, თვალის სიწითლე და ცხვირის შეგუბება, მაგრამ ეს სიმპტომები, როგორც წესი, თავის ორივე მხარეს მოიცავს, როდესაც ისინი შაკიკის დროს ვლინდება. ამის საპირისპიროდ, კლასტერული თავის ტკივილის დროს ეს სიმპტომები, როგორც წესი, მხოლოდ ერთ მხარეს აზიანებს. კლასტერული თავის ტკივილის ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება გამოვლინდეს სინათლისა და ხმის მიმართ მგრძნობელობა, მაგრამ, როგორც წესი, მხოლოდ ერთ მხარეს. შაკიკით დაავადებულ ზოგიერთ ადამიანს ძლიერი შაკიკის შეტევებს შორის მუდმივად ექნება დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი.

ქრონიკული ყოველდღიური თავის ტკივილი

ზოგიერთ ადამიანს თავის ტკივილი ძალიან ხშირად უვითარდება, ზოგ შემთხვევაში  ყოველდღიურიც კი. როდესაც თავის ტკივილი თვეში 15 დღეზე მეტხანს გრძელდება, სულ მცირე სამი თვის განმავლობაში, მას ქრონიკული ყოველდღიური თავის ტკივილი ეწოდება.

ქრონიკული ყოველდღიური თავის ტკივილი არ არის თავის ტკივილის სახეობა, არამედ კატეგორია, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სახის ხშირ თავის ტკივილს. ქრონიკული ყოველდღიური თავის ტკივილის მქონე ადამიანების უმეტესობას თავის ტკივილის ძირითად ტიპად შაკიკი ან დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი აქვს. მათ ხშირად აქვთ შემთხვევითი შაკიკი ან დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი, მაგრამ თავის ტკივილი უფრო ხშირი ხდება თვეების ან წლების განმავლობაში. ხშირი თავის ტკივილის მქონე ზოგიერთი ადამიანი ძალიან ხშირად იყენებს ტკივილის საწინააღმდეგო მედიკამენტებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს „მედიკამენტების ჭარბი მოხმარების თავის ტკივილი“.

მედიკამენტების ჭარბი დოზირებით გამოწვეული თავის ტკივილი — მედიკამენტების ჭარბი დოზირებით გამოწვეული თავის ტკივილი შეიძლება განვითარდეს იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ ხშირი შაკიკი, კლასტერული ან დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი, რაც იწვევს ტკივილგამაყუჩებლების ჭარბ მოხმარებას. ამ დროს წარმოიქმნება მანკიერი ციკლი, რომლის დროსაც ხშირი თავის ტკივილი აიძულებს ადამიანს ხშირად მიიღოს მედიკამენტები (უმეტესად ურეცეპტოდ გასაცემი), რაც შემდეგ იწვევს თავის ტკივილს, როდესაც მედიკამენტის მოქმედება გაქრება, რაც იწვევს მედიკამენტების უფრო ხშირად გამოყენებას და ა.შ. მედიკამენტების ჭარბი დოზირებით გამოწვეული თავის ტკივილი შეიძლება განვითარდეს მაშინაც კი, თუ ადამიანი ყოველდღიურად იღებს ტკივილგამაყუჩებლებს ტკივილის სხვა უბნების სამკურნალოდ, რადგან სხეულს არ აინტერესებს, თუ რატომ იღებს ადამიანი მედიკამენტებს. მედიკამენტების ხშირი მოხმარებით გამოწვეული ეს თავის ტკივილი ორგანიზმის მედიკამენტებზე დამოკიდებულების შედეგია.

 მედიკამენტების ჭარბი დოზირებით გამოწვეული თავის ტკივილის თავიდან ასაცილებლად, სასურველია:

● თუ შესაძლებელია, სრულიად მოერიდეთ ბუტალბიტალს  და ოპიოიდებს შემცველ მედიკამენტებს.

● არ გამოიყენოთ ტრიპტანები, ერგოტამინები, ლასმიდიტანი ან ასპირინის/აცეტამინოფენის/კოფეინის კომბინაციები  თვეში ცხრა დღეზე მეტხანს.

● არ გამოიყენოთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ან აცეტამინოფენი თვეში 14 დღეზე მეტხანს.

~თავის ტკივილის სხვა ტიპები

თავის ტკივილის სხვა მიზეზებიც არსებობს:

ტრავმის შემდგომი თავის ტკივილი — თავის ტრავმიდან ერთი ან ორი დღის განმავლობაში განვითარებული თავის ტკივილი შედარებით ხშირია. ადამიანების უმეტესობა აღნიშნავს გენერალიზებულ, მკვრივ, მუდმივ დისკომფორტს, რომელიც პერიოდულად უარესდება. სხვა გავრცელებული სიმპტომებია თავბრუსხვევა, კონცენტრაციის გაძნელება, მეხსიერების პრობლემები, სწრაფი დაღლილობა და გაღიზიანება.

ტრავმის შემდგომი თავის ტკივილი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვემდე, თუმცა ყველამ, ვისაც თავის ტკივილი აქვს, რომელიც ტრავმული მოვლენიდან ერთი ან ორი კვირის განმავლობაში არ უმჯობესდება, უნდა მიმართონ ექიმს.

სინუსური თავის ტკივილი — სინუსური ინფექციებით გამოწვეული მორეციდივე თავის ტკივილი იშვიათია. როდესაც ისინი ვლინდება,  როგორც წესი, ცხვირიდან სქელ ყვითელ, მწვანე ან ყავისფერ ლორწოსთან ერთად ჩნდება. სინუსური თავის ტკივილის დიაგნოზის მქონე ბევრ პაციენტს, თუ არა უმეტესობას, სინამდვილეში შაკიკი აწუხებს.

სინუსებთან დაკავშირებული ტკივილი, როგორც წესი, რამდენიმე დღე გრძელდება (ტიპიური შაკიკისგან განსხვავებით) და არ იწვევს გულისრევას, ღებინებას ან ხმაურის ან სინათლის მიმართ მგრძნობელობას (როგორც ეს შაკიკის დროს შეინიშნება). სინუსური ინფექციით გამოწვეული თავის ტკივილი ცხვირიდან გამონადენის გაუმჯობესებასთან ერთად უმჯობესდება.

 თავის ტკივილი და ართრიტი — კისრის სახსრების ტკივილმა შეიძლება თავიც დააზიანოს. ამ შემთხვევაში, თავის ტკივილი, როგორც წესი, კისრიდან ან თავის უკანა ნაწილიდან იწყება და თავის წინა ნაწილზე ან საფეთქლებზე ვრცელდება. როგორც წესი, თავის ტკივილი ცალმხრივია და ტკივილი კისრის მოძრაობებით უარესდება.  როგორც წესი, მსგავსი ტკივილი უფრო გვიან ასაკში (დაახლოებით 50 წლის შემდეგ) ვითარდება ართრიტის განვითარებისას, მაგრამ შეიძლება უფრო ადრეც განვითარდეს, თუ ანამნეზში ხერხემლის ტრავმაა.

თავის ტკივილი და ტვინის სიმსივნე — თავის ტკივილი ტვინის სიმსივნის მქონე ადამიანების დაახლოებით 50 პროცენტს აღენიშნება. ტვინის სიმსივნის მქონე ბევრ ადამიანს აღენიშნება ქრონიკული თავის ტკივილი, რომელიც უარესდება დახრისას ან თან ახლავს გულისრევა და ღებინება, თუმცა ეს სიმპტომები შეიძლება ასევე გამოვლინდეს თავის ტკივილის დროს, რომელიც არ არის დაკავშირებული ტვინის სიმსივნესთან.

თავის ტკივილის საშიში ნიშნები

თავის ტკივილის შემთხვევების  უმრავლესობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის. თუმცა, თავის ტკივილი შეიძლება იყოს ტვინის სერიოზული დაავადებების სიმპტომი, როგორიცაა ინფექცია, ანთება ან სისხლდენა ტვინში ან მის გარშემო. დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ თავის ტკივილი:

● მოულოდნელად ჩნდება, რამდენიმე წამში ან წუთში ძლიერდება, ან შეიძლება შეფასდეს, როგორც „თქვენი ცხოვრების ყველაზე ცუდი თავის ტკივილი“.

● მძიმეა და თან ახლავს სიცხე ან კისრის გაშეშება.

● კრუნჩხვა, პიროვნების ცვლილებები, დაბნეულობა ან გონების დაკარგვა.

● სწრაფად იწყება დაძაბული ვარჯიშის ან მცირე დაზიანების შემდეგ.

● ახალია და თან ახლავს სისუსტე, დაბუჟება, მეტყველების სირთულე ან მხედველობის გაძნელება. მიუხედავად იმისა, რომ შაკიკმა ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს ეს სიმპტომები, პაციენტმა სასწრაფოდ უნდა გაიაროს კონსულტაცია ამ სიმპტომების პირველივე გამოვლენისთანავე.

თუ გაქვთ მუდმივი ან ხშირი თავის ტკივილი, თავის ტკივილი-რომელიც ხელს უშლის ნორმალურ აქტივობას, ან თუ თავის ტკივილი უფრო ძლიერდება, უნდა მიმართოთ ექიმს.

თავის ტკივილის დიაგნოსტირაბა

ჯანდაცვის სპეციალისტები, როგორც წესი, იყენებენ ადამიანის თავის ტკივილის აღწერას, გამოკვლევასთან ერთად, თავის ტკივილის ტიპის დასადგენად. ზოგიერთ ადამიანს ერთზე მეტი სახის თავის ტკივილი აქვს.

ადამიანების უმეტესობას არ სჭირდება რენტგენი ან სხვა ვიზუალიზაციის ტესტები. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება რეკომენდებული იყოს კომპიუტერული ტომოგრაფიით (CT) სკანირება (ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია [MRI]),  თუ სიმპტომები უჩვეულოა, თუ არსებობს რაიმე საფრთხის ნიშნები (იხილეთ ზემოთ „თავის ტკივილის საფრთხის ნიშნები“) ან თუ გამოკვლევის დროს შეინიშნება რაიმე დარღვევა. ტვინის ვიზუალიზაციის სხვა შესაძლო მიზეზებია:

● თავის ტკივილის ხასიათის უეცარი ცვლილება

● თავის ტკივილი, რომელიც მკურნალობის მიუხედავად სტაბილურად უარესდება

● ნიშნები ან სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს, რომ სიმპტომები შეიძლება სხვა სამედიცინო მდგომარეობამ გამოიწვია

თავის ტკივილის მკურნალობის ტიპები

თავის ტკივილის მკურნალობა დამოკიდებულია თავის ტკივილის სიხშირეზე, სიმძიმესა და სიმპტომებზე.  ადამიანთა უმეტესობაში თავის ტკივილის კარგად კონტროლირება შესაძლებელია მედიკამენტებისა და დამატებითი თერაპიის კომბინაციით. მკურნალობა ყველაზე წარმატებულია მაშინ, როდესაც ის პაციენტის  საჭიროებებზეა მორგებული.

● თავის ტკივილის მწვავე მკურანლობა გულისხმობს მედიკამენტების მიღებას, რომელათა დალევა პაციენტს შეუძლია ტკივილის დაუყოვნებლივ შესამსუბუქებლად. ადამიანი ამ მედიკამენტებს იღებს მხოლოდ საჭიროებისამებრ, როდესაც ძლიერი თავის ტკივილი აწუხებს.

● პროფილაქტიკური მკურნალობა გულისხმობს მედიკამენტებს ან სხვა  რეგულარული სამკურნალო საშუალებების გამოყენებას ტკივილის გამოვლენის პრევენციისთვის. პაციენტები ამ სამკურნალო საშუალებებს იღებენ გეგმის მიხედვით, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა თავის ტკივილი მოცემული მომენტისათვის.

დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილის მკურნალობა

მწვავე მკურნალობა — დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი, რომელიც თვეში ცხრაზე შემთხვევაზე ნაკლებჯერ გვხვდება, საჭიროებს ტკივილგამაყუჩებლების გამოყენებას ტკივილის დროს. თავის ტკივილისას, რომელიც თვეში ცხრა ან მეტ დღეზე ხშირად ხდება, ჩვეულებრივ,  საჭიროებს ყოველდღიური პროფილაქტიკური მედიკამენტებით და საჭიროებისამებრ ტკივილგამაყუჩებლით მკურნალობას.

ტკივილგამაყუჩებლები — დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილის სამკურნალოდ თავდაპირველად შეიძლება რეკომენდებული იყოს ტკივილგამაყუჩებელები. ეს მედიკამენტები უკეთ მოქმედებს თავის ტკივილის დაწყებისთანავე და მოიცავს:

● არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს , როგორიცაა იბუპროფენი  ან ნაპროქსენი

● აცეტამინოფენი

● ასპირინი

მსუბუქი ტკივილგამაყუჩებლები ასევე ხელმისაწვდომია კოფეინთან კომბინაციაში, რაც აძლიერებს მედიკამენტის ეფექტს; მაგალითად, აცეტამინოფენის, ასპირინის და კოფეინის კომბინაცია. ეს კომბინაცია შეიძლება რეკომენდებული იყოს მაშინ, თუ მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელი არ ამსუბუქებს თავის ტკივილს.

ტკივილგამაყუჩებლები არ უნდა იქნას გამოყენებული ძალიან ხშირად, რადგან ჭარბმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მედიკამენტების ჭარბი მოხმარებით გამოწვეული თავის ტკივილი ან ქრონიკული ყოველდღიური თავის ტკივილი. თუ  თავის ტკივილი რეაგირებს ტკივილგამაყუჩებელზე, უნდა გააგრძელოთ მათი მიღება თითოეული თავის ტკივილის დროს. თუმცა:

● არ გამოიყენოთ ტკივილგამაყუჩებლები საშუალოდ თვეში ცხრა დღეზე მეტხანს ან ეპიზოდში ორ დოზაზე მეტი.

● თუ ტკივილგამაყუჩებელი არ აკონტროლებს თავის ტკივილს, მიმართეთ  ექიმს სხვა რეკომენდაციებისთვის.

გასტრიტის (კუჭის ანთება), წყლულის, თირკმლის დაავადების და სისხლდენის მქონე ადამიანებმა არ უნდა მიიღონ ასპირინის ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემცველი პრეპარატები.

ბუტალბიტალისა და ოპიოიდების შემცველი კომბინირებული მედიკამენტები — ოპიოიდის და ტკივილგამაყუჩებლის კომბინაციები ხელმისაწვდომია, მაგრამ ზოგადად არ არის რეკომენდებული, რადგან ისინი იწვევს დამოკიდებულებას და შეიძლება გაზარდოს მედიკამენტების ჭარბი მოხმარებით გამოწვეული თავის ტკივილის და ქრონიკული ყოველდღიური თავის ტკივილის რისკი. მიუხედავად ამისა, ასეთი მედიკამენტების დანიშვნა შეიძლება განიხილებოდეს განსაკუთრებულ სიტუაციებში, როდესაც მარტივი ტკივილგამაყუჩებლები არაეფექტურია ან მათი უსაფრთხოდ გამოყენება შეუძლებელია (მაგ., ორსულობის მესამე ტრიმესტრში ან თანმხლები პეპტიური წყლულის, თირკმლის მძიმე უკმარისობის ან ღვიძლის უკმარისობის დროს). ჯანდაცვის პროვაიდერები სიფრთხილით ნიშნავენ ამ ჯგუფის მედიკამენტებს, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ ბოროტად გამოყენების ან დამოკიდებულების რისკი.

პრევენციული მკურნალობა — პრევენციული თერაპია რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ დაძაბულობის ტიპის ხშირი თავის ტკივილი, მაგალითად, ისეთები, რომლებიც თვეში ცხრა ან მეტ დღეს მეორდება. პრევენციული თერაპია ასევე რეკომენდებულია, როდესაც თავის ტკივილი ხანგრძლივია ან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ნორმალური აქტივობების შესრულების უნარზე.

ანტიდეპრესანტები, რომლებსაც ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (TCA) ეწოდება, ხშირად გამოიყენება ხშირი დაძაბულობის თავის ტკივილის თავიდან ასაცილებლად. TCA-ების მაგალითებია ამიტრიპტილინი (ყველაზე ხშირად გამოყენებული), ნორტრიპტილინი და პროტრიპტილინი. TCA-ების დოზა, რომელიც გამოიყენება თავის ტკივილის მქონე ადამიანებისთვის, როგორც წესი, გაცილებით დაბალია, ვიდრე დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენებული. ითვლება, რომ ეს პრეპარატები ამცირებენ ტკივილის აღქმას დაბალი დოზებით გამოყენებისას, თუმცა ზუსტად არ არის ნათელი, თუ როგორ მოქმედებს მედიკამენტები.

TCA-ების მიღების დაწყებისას ხშირია დაღლილობის შეგრძნება; ეს ყოველთვის არ არის არასასურველი გვერდითი მოვლენა, რადგან მას შეუძლია ძილის გაუმჯობესებაში დახმარება, თუ TCA-ებს საღამოს მიიღებთ.  ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ამიტრიპტილინის ან ნორტრიპტილინის მიღება დაძინებამდე ორი საათით ადრე, დილის თავბრუსხვევის თავიდან ასაცილებლად.  და თუ მაინც დილით თავბრუსხვევა განვითარდება, მაშინ მედიკამენტების მიღება შესაძლებელია კიდევ უფრო ადრე (ვახშმის დროს). ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მიღება, როგორც წესი, დაბალი დოზებით იწყება და თანდათან იზრდება. მათი სრული ეფექტი შეიძლება კვირების ან თვეების განმავლობაში არ გამოვლინდეს.

სხვა მედიკამენტები, როგორიცაა მირტაზაპინი, ტოპირამატი ან გაბაპენტინი, ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ხშირი დაძაბულობის თავის ტკივილის თავიდან ასაცილებლად.

ეს მედიკამენტები ხშირად გამოიყენება ქცევით თერაპიასთან ერთად დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილის თავიდან ასაცილებლად. ქცევითი თერაპიის მიზანია იმ ქცევების იდენტიფიცირება და თავიდან აცილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი. (იხილეთ „ცხოვრების წესის ცვლილებები“ ქვემოთ.)

 ქრონიკული ყოველდღიური თავის ტკივილის მკურნალობა

„ქრონიკული ყოველდღიური თავის ტკივილი“ ნიშნავს თავის ტკივილს, რომელიც თვეში 15 დღეზე მეტხანს გრძელდება, სულ მცირე სამი თვის განმავლობაში. ეს არ არის თავის ტკივილის ტიპი, არამედ კატეგორია, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტიპებს; ქრონიკული ყოველდღიური თავის ტკივილის მქონე ადამიანების უმეტესობას აღენიშნება შაკიკი ან დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი.

ქრონიკული ყოველდღიური თავის ტკივილის მართვა დამოკიდებულია თავის ტკივილის ტიპზე და იმაზე, არის თუ არა მედიკამენტის ჭარბი მოხმარება ფაქტორი.

● ქრონიკული შაკიკი – ქრონიკული შაკიკის მკურნალობა უნდა ფოკუსირდეს პრევენციულ თერაპიაზე, შაკიკის გამომწვევი ფაქტორების თავიდან აცილებით და მწვავე თავის ტკივილის მედიკამენტების გამოყენების შეზღუდვით, რათა თავიდან იქნას აცილებული მედიკამენტების ჭარბი მოხმარება. პრევენციული მკურნალობა მოიცავს მედიკამენტებს, ქცევით თერაპიას და ცხოვრების წესის ცვლილებებს (მაგ., ძილის კარგი ჰიგიენა, რეგულარული ვარჯიში და დიეტის ცვლილებები გამომწვევი ფაქტორების თავიდან ასაცილებლად). მართვა ხშირად მოითხოვს ამ სხვადასხვა მკურნალობის ერთდროულ გამოყენებას.

● ქრონიკული დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი – ქრონიკული დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილის დროს ეფექტური მკურნალობა გულისხმობს ყოველდღიური პროფილაქტიკური მედიკამენტების (მაგ., ტრიციკლური ანტიდეპრესანტების), ქცევითი თერაპიების და ცხოვრების წესის ცვლილებების (მაგ., რეგულარული ვარჯიში და კვების რაციონის შეცვლა) გამოყენებას. ქრონიკული შაკიკის მსგავსად, ამ ინტერვენციების კომბინირებული გამოყენება ხშირად საუკეთესოა.

● მედიკამენტების ჭარბი მოხმარებით გამოწვეული თავის ტკივილი – ეს ხდება მაშინ, როდესაც თავის ტკივილი (ნებისმიერი ტიპის) იწვევს ტკივილის სამკურნალოდ მედიკამენტების მიღების ციკლს, როდესაც მედიკამენტების მოქმედება შეწყდება, თვის ტკივილი განმეორდება. ეს იწვევს დამატებით მეტი მედიკამენტის მიღებას.

მედიკამენტების ჭარბი მოხმარებით გამოწვეული თავის ტკივილის მკურნალობის მიდგომა გულისხმობს მიმდინარე ციკლის გაგებას, მედიკამენტების ჭარბი მოხმარების შეწყვეტას და ექიმთან თანამშრომლობას თავის ტკივილის შესაბამისი მკურნალობისა და პრევენციის გეგმის შემუშავების მიზნით. მედიკამენტების ჭარბი მოხმარებით გამოწვეული თავის ტკივილი შეიძლება მოხდეს მაშინაც კი, თუ მედიკამენტები ხშირად მიიღება სხეულის სხვა ნაწილების ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ. სხეული შეიძლება დამოკიდებული გახდეს ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებზე და შედეგად შეიძლება განვითარდეს თავის ტკივილი. ეს ხდება იმიტომ, რომ სხეულს არ შეუძლია განასხვავოს, თუ რატომ მიიღება მედიკამენტი. თუ პაციენტს ხშირად აწუხებს შაკიკი ან დაძაბულობის თავის ტკივილი, თავი უნდა აარიდოს ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების ყოველდღიურ მიღებას სხვა სახის ტკივილის დროს (მაგალითად, ზურგის ან სახსრების ტკივილი). ასეთ შემთხვევებში ექიმი დაეხმარება მკურნალობის სხვა ვარიანტების განხილვაში.

კლასტერული თავის ტკივილის მკურნალობა

კლასტერული თავის ტკივილი არის ძლიერი, დამაუძლურებელი თავის ტკივილი, რომელიც განმეორებით მეორდება კვირების ან თვეების განმავლობაში, რასაც მოჰყვება პერიოდები თავის ტკივილის გარეშე.

კლასტერული თავის ტკივილით დაავადებული ადამიანების უმეტესობას დასჭირდება როგორც მწვავე, ასევე პროფილაქტიკური მედიკამენტები. მწვავე თერაპია — მწვავე თერაპია ხშირად მოიცავს შემდეგიდან ერთს ან რამდენიმეს:

● 100%-იანი ჟანგბადის შესუნთქვა სახის ნიღბის მეშვეობით 20 წუთის განმავლობაში. ჟანგბადით მკურნალობა ხშირად რეკომენდებულია პირველ რიგში, რადგან მას აქვს მცირე გვერდითი მოვლენები.

● ტრიპტანები არის მედიკამენტები, რომლებიც ხშირად გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ. ტრიპტანებს (განსაკუთრებით სუმატრიპტანის ინექციებს) შეუძლიათ შეაჩერონ კლასტერული თავის ტკივილი, ხშირად 20-30 წუთში. თუ პაციენტი  ვერ ახერხებს ინექციის გაკეთებას, სხვა ვარიანტებია ინჰალაციური (ცხვირის სპრეი) სუმატრიპტანი ან ზოლმიტრიპტანი.

თუ არც ჟანგბადი და არც ტრიპტანები არ არის სასარგებლო, ალტერნატიული ვარიანტებია ინტრანაზალური ლიდოკაინი (სითხე, რომელიც გამოიყენება ცხვირში) და ერგოტამინი (ტაბლეტი, რომელიც იხსნება ენის ქვეშ).

გარდამავალი მკურნალობა — კლასტერული თავის ტკივილის ციკლის დროს, თავის ტკივილის შესამსუბუქებლად ხშირად გამოიყენება „გარდამავალი“ თერაპია, ხოლო პროფილაქტიკური მკურნალობა კორექტირდება თავის ტკივილის განმეორების თავიდან ასაცილებლად:

● გლუკოკორტიკოიდული (სტეროიდული) პრეპარატი პრედნიზოლონი არის ეფექტური გარდამავალი თერაპია. ის მიიღება აბების სახით. გლუკოკორტიკოიდების ხანგრძლივი გამოყენება არ არის რეკომენდებული გვერდითი მოვლენების რისკის გამო.

● თუ პრედნიზოლონი თავის ტკივილის შესამსუბუქებლად ეფექტური არ არის ან სტეროიდების გამოყენებას უკუჩვენება აქვს, ზოგიერთმა ექიმმა შეიძლება პაციენტს  ნერვის ბლოკადა შესთავაზოს. ეს გულისხმობს თავის უკანა ნაწილში ნერვების გარშემო ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების ინექციას თავის ტკივილის ჩასახშობად.

პროფილაქტიკური მკურნალობა — პროფილაქტიკური თერაპია, როგორც წესი, იწყება რაც შეიძლება მალე და მიიღება ყოველდღიურად, როდესაც თავის ტკივილის ახალი კლასტერი ვითარდება. ზოგიერთ პაციენტს მედიკამენტების კომბინაცია სჭირდება. პროფილაქტიკური მედიკამენტების მიღება შეიძლება თანდათან შეწყდეს კლასტერის გავლის შემდეგ, მაგრამ შეიძლება განახლდეს, თუ სიმპტომები განმეორდება. ყველაზე კარგად შესწავლილი მედიკამენტებია:

● ვერაპამილი, კალციუმის არხის ბლოკატორი, გამოდის აბების სახით  და გამოყენებისას აქვს მცირე გვერდითი მოვლენები. დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს საჭიროებისამებრ.

● კალციტონინის გენთან დაკავშირებული პეპტიდის (CGRP) ანტისხეულები არის მედიკამენტები, რომლებიც მიზნად ისახავს ტკივილის გადაცემის ბლოკირებას. ამ მედიკამენტებს ასევე აქვთ მცირე გვერდითი მოვლენები. გალკანეზუმაბი დამტკიცებულია კლასტერული თავის ტკივილის სამკურნალოდ და მიიღება ყოველთვიურად კლასტერული ციკლის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.

თავის ტკივილის დამატებითი მკურნალობა

თავის ტკივილის მქონე ადამიანებში მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად შეიძლება გამოყენებულ იქნას რამდენიმე თერაპია.

ცხოვრების წესის ცვლილებები — ცხოვრების წესის რამდენიმე მარტივი ცვლილება დაგეხმარებათ თავის ტკივილის სიხშირის შემცირებაში. ესენია:

● მოწევის შეწყვეტა

● მოხმარებული ალკოჰოლის რაოდენობის შემცირება

● კოფეინის შემცირება ან თავიდან აცილება

● რეგულარული გრაფიკით საკმარისი რაოდენობის ძილი

● ჯანსაღი და რეგულარული კვება; წყლის საკმარისი რაოდენობით მიღება

● კვირაში რამდენჯერმე ვარჯიში

● სტრესის შემცირება

● თავის ტკივილის დღიურის წარმოება თავის ტკივილისა და მკურნალობაზე რეაგირების მონიტორინგისთვის

აკუპუნქტურა — აკუპუნქტურა გულისხმობს თმის სისქის, ლითონის ნემსების კანში შეყვანას სხეულის კონკრეტულ წერტილებში. ის თითქმის არ იწვევს ტკივილს. ელექტროსტიმულაცია ზოგჯერ გამოიყენება აკუპუნქტურის ნემსზე. აკუპუნქტურა არ არის დადასტურებული, რომ აუმჯობესებს დაძაბულობის ტიპის ან ქრონიკულ ყოველდღიურ თავის ტკივილს. თუმცა, ადამიანებს, რომლებსაც არ სურთ სცადონ ან არ შეუძლიათ სხვა მკურნალობის ატანა, შეუძლიათ სცადონ აკუპუნქტურის გამოყენება.

ბიჰევიორული თერაპია — თავის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს ან გაუარესდეს სტრესით, შფოთვით, დეპრესიით და სხვა ფსიქოლოგიური ფაქტორებით. გარდა ამისა, თავის ტკივილით ცხოვრებამ შეიძლება გამოიწვიოს სირთულეები ურთიერთობებში, სამსახურში ან სკოლაში და ზოგადად ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ბიჰევიორული თერაპია მუშაობს იმით, რომ დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ სტრესს, ბრაზს ან იმედგაცრუებას, რომელიც შეიძლება თან ახლდეს ხშირ ან ქრონიკულ თავის ტკივილს. არსებობს ბიჰევიორული თერაპიის მრავალი განსხვავებული ტიპი:

●ფსიქოთერაპია გულისხმობს ფსიქოლოგთან, ფსიქიატრთან, სოციალურ მუშაკთან ან სხვა კვალიფიციურ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროვაიდერთან შეხვედრას, რათა განიხილონ ემოციური რეაქციები ქრონიკული ტკივილით ცხოვრებაზე, მკურნალობის წარმატებებზე ან წარუმატებლობებზე და/ან პირად ურთიერთობებზე. ●ჯგუფური ფსიქოთერაპია საშუალებას გაძლევთ შეადაროთ თქვენი გამოცდილება თავის ტკივილთან დაკავშირებით, დაძლიოთ ტკივილისადმი იზოლაციისა და იზოლაციის ტენდენცია და მხარი დაუჭიროთ სხვების მცდელობებს ტკივილის მართვაში.

● რელაქსაციის ტექნიკას შეუძლია კუნთების დაძაბულობის შემსუბუქება და შეიძლება მოიცავდეს მედიტაციას, პროგრესულ კუნთების რელაქსაციას, თვითჰიპნოზს და ბიოუკუკავშირს (ტექნიკა, რომელიც გასწავლით სხეულის გარკვეული ფუნქციების კონტროლს). ბიოუკუკავშირი განსაკუთრებით სასარგებლო შეიძლება იყოს ქრონიკული დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილის მქონე ადამიანებისთვის.

●ჯგუფური უნარების განვითარების სავარჯიშოები დაგეხმარებათ ტკივილთან ერთად ცხოვრების შესწავლაში, მათ შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ძალის ამაღლების გზების, ნეგატიური აზროვნების თავიდან აცილების გზების და ტკივილის გამწვავებასთან გამკლავების სწავლაში.მცენარეული და ჰომეოპათიური საშუალებები — თავის ტკივილის, მათ შორის შაკიკის, შესამსუბუქებლად ან პრევენციისთვის პოპულარიზებულია რამდენიმე მცენარეული და „ჰომეოპათიური“ საშუალება. ხშირად გაურკვეველია, მოქმედებს თუ არა ეს საშუალებები და როგორ. პაციენტებმა მათი გამოყენება ფრთხილად და კვალიფიციური სამედიცინო პროვაიდერის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მიმართონ.