ალფა-გალის სინდრომი

ალფა-გალის სინდრომი

ავტორი: ნინო ბალანჩივაძე

რა არის ალფა-გალის სინდრომი?

ალფა-გალის სინდრომი არის ალერგიის სპეციფიური ტიპი, რომელიც ადამიანს უვითარდება წითელი ხორცის მიღების შემდეგ.  ზოგიერთ ადამიანს  ალფა-გალის სინდრომი შეიძლება  განუვითარდეს ტკიპის ნაკბენის შემდეგ.

გარკვეული სახეობის ტკიპებს კბენის დროს შეუძლიათ ადამიანებს გადასცენ სპეციფიური მოლეკულა, რომელსაც ეწოდება ალფა-გალი.

ალფა- გალის მოლეკულა ასევე გვხვდება ზოგიერთი ძუძუმწოვრის ხორცში. როგორიცაა: საქონლის, ღორის და ცხვრის ხორცი. ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმი სპეციფიურად რეაგირებს ტკიპის ნაკბენზე. მათი იმუნური სისტემა ალფა-გალის მოლეკულების წინააღმდეგ აწარმოებს ცილებს, რომლებსაც „ანტისხეულები“ ​​ეწოდება. მოგვიანებით, თუ ადამიანი შეჭამს წითელ ხორცს, შეიძლება განუვითარდეს ალერგიული რეაქცია ხორცში შემავალ ალფა-გალზე. ალერგია შეიძლება განვითარდეს მაშინაც კი, თუ ადამიანი მიირთმევს სხვა ცხოველურ პროდუქტს,  როგორიცაა რძე ან ჟელატინი.

მაგ. აშშ-ში „lone star“ ტკიპების ნაკბენი ალფა-გალის სინდრომის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ალერგიის განსავითარებლად ტკიპამ ადამიანს ჩვეულებრივ ერთზე მეტჯერ უნდა უკბინოს.

რა სიმპტომებია დამახასიათებელი  ალფაგალის სინდრომისათვის?

სიმპტომები სხვა საკვებისმიერი ალერგიის სიმპტომების მსგავსია. მაგრამ სხვა საკვებისმიერი ალერგიისგან განსხვავებით, სიმპტომების გამოვლენას ჩვეულებრივ უფრო მეტი დრო სჭირდება. ადამიანს შეიძლება საერთოდ  არ გამოუვლინდეს სიმპტომები წითელი ხორცის ან მისი შემცველი საკვების მიღებიდან 2-8 საათში და თავი იჩინოს უფრო გვიან პერიოდში.

ალფა- გალის დროს მსუბუქი სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს:

  • ურტიკარით (ჭინჭრის ციებით), რომლებიც წარმოადგენენ კანიდან წამოწეულ მოწითალო ვარდისფერ ლაქებს, რომლებიც ძალიან ქავანაა (სურათი 1).
  • სახის, ქუთუთოების, ყურების, პირის, ხელების ან ფეხების შეშუპებით.

სურათი 1. პაციენტი რომელსაც აღენიშნება მრავლობითი ურტიკარიული გამონაყარი.

მძიმე სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს ანაფილაქსიის ფორმით:

ამ დროს გამოხატულია:

  • ხორხის შეშუპება
  • გულისრევა, ღებინება ან დიარეა
  • მსტვინავი ხასიათის მშრალი ხიხინი, შეტევითი ხველა ან სუნთქვის გაძნელება
  • დაბნეულობის და სიკვდილის შეგრძნება.

სიმპტომები შესაძლოა ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს სხავდასხვა ადამიანის შემთხევაში.

არსებობს თუ არა ტესტირება ალფა – გალის სინდრომზე?

 თუ ექიმი ფიქრობს, რომ შესაძლოა გქონდეთ ალფა-გალის სინდრომი, ის დაგინიშნავთ სისხლის ანალიზს. ანალიზში  ეძებენ “ΙgE,” ანტისხეულს, რომელსაც იმუნური სისტემა აწარმოებს, როდესაც მას აქვს ალერგიული რეაქცია.

როგორ მკურნალობენ ალფა-გალის სინდრომს?

მკურნალობა მოიცავს:

●ადრენალინს – ეს წამალი ხელს უწყობს ალერგიული რეაქციის სიმპტომების შეჩერებას. ადრენალინი გამოდის რამდენიმე ფორმით ფორმით.

მაგალითად:

  • „ავტოინჯექტორი“ (ბრენდული სახელწოდებები: Auvi-Q, ЕpiРen) – სპეციალური მოწყობილობა რომელიც თავადვე შეგიძლიათ გამოიყენოთ საკუთარი თავისთვის) (სურათი 2)

შეამოწმეთ ინსტრუქცია, რომლებიც მოჰყვება თქვენს ავტოინჯექტორს, რათა ზუსტად იცოდეთ, როგორ გამოიყენოთ ის.

ადრენალინის აუტოინჯექტორის გამოყენების ზოგადი ნაბიჯებია:

1. ამოიღეთ აუტოინჯექტორი კოლოფიდან.

2. დაიჭირეთ სურათზე მითითებული მიმართულებით და დარწმუნდით, რომ თქვენი ხელი არ ფარავს ავტოინჯექტორის არც ერთ ბოლოს.

3. მოხსენით უსაფრთხოების ქუდი (ან ქუდები).

4. თუ ინექციას უკეთებთ ბავშვს ან ვინმეს, რომელსაც შეიძლება უჭირდეს უძრაოდ  ყოფნა, დაიჭირეთ ფეხი ისე რომ არ იმოძრაოს.

5. ავტოინჯექტორის წვერი მყარად დააჭირით გარედან ბარძაყს, რათა ნემსმა შეძლოს ტანსაცმელში გავლა.

6. გააჩერეთ იგი ადგილზე მინიმუმ 2-დან 3 წამამდე.

გამოყენებისას სასურველია პაციენტი იჯდეს. თუ თავბრუსხვევა გამოუვლინდება სასურველია დაწვეს. თუ გონებას დაკარგავს, დაზარალებული უნდა დააწვინოთ მიწაზე და ფხები მაღლა ააწევინოთ, რაც ხელს შეუწყობს სისხლის მიმოქცევას გულსა და ტვინში.

•  ცხვირის სპრეი, (ბრენდული  სახელი: nеffу) – ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ადამიანებში, რომლებიც იწონიან მინიმუმ 30 კგ  

(სურათი 3)

ზოგადი ნაბიჯები ადრენალინის ცხვირის სპრეის გამოყენებისთვის:

1. დაიჭირეთ იგი 2 თითით, ცერა თითით დგუშზე, როგორც სურათზეა ნაჩვენები.

2. მოათავსეთ წვერი ერთ ნესტოში, სანამ სანამ თქვენი თითები არ შეეხება ცხვირს.

3. ძლიერად დააჭირეთ ცერა თითი დგუშს დოზის გამოსაფრქვევად.

თუ ექიმმა დაგინიშნათ ადრენალინი, ყოველთვის თან იქონიოთ ის.

 მნიშვნელოვანია გამოიყენეთ ადრენალინი დაუყოვნებლივ თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ მძიმე ალერგიული რეაქცია, შემდეგ კი გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება (112).  რადგან წამლის მოქმედება დიდხანს არ ნარჩუნდება ორგანიზმში და სიმპტომები ზოგჯერ, შეიძლება ისევ გამოვლინდეს.  საავადმყოფოში კი ექიმებმა მეთვალყურეობის ქვეშ შეიძლება  მოგაწოდონ დამატებითი დოზა.

●ანტიჰისტამინური მედიკამენტები – ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ ანტიჰისტამინი, როგორიცაა ცეტირიზინი (ბრენდული სახელწოდება: ზირტეკი). ანტიჰისტამინების შეძენა შეგიძლიათ ურეცეპტოდ. მათ შეუძლიათ მოხსნან მსუბუქი ალერგიული სიმპტომები, როგორიცაა ქავილი და ჭინჭრის ციება. ისინი არ გამოიყენება მძიმე სიმპტომების (ანაფილაქსია) სამკურნალოდ.

უმეტეს შემთხვევებში, ალფა-გალის სინდრომი ქრება წლების განმავლობაში, თუ აღარ განგიმეორდებათ  ტკიპის ნაკბენი.

როგორ ავიცილოთ თავიდან ალერგიული რეაქცია?

ერთადერთი გზაა მთლიანად მოერიდოთ იმ საკვების მიღებას, რომელზეც ალერგიული ხართ.  ეს შეიძლება მოიცავდეს:

● ხორცი, რომელიც წარმოებულია ისეთი ძუძუმწოვრებისგან, როგორიცაა საქონელი, ღორი და ცხვარი.

●რძე და რძის პროდუქტები

●გარკვეული მედიკამენტები და ვაქცინები, რომლებიც შეიცავს ჟელატინს

როგორ ავიცილოთ თავიდან ალფაგალის სინდრომი?

საუკეთესო გზაა ტკიპების ნაკბენისგან თავის დაცვა.

თავის დასაცავად:

● მოერიდეთ ისეთ ადგილებში სიარულს სადაც შეიძლება იყოს  ტკიპები.გარეთ გასვლისას ჩაიცვით ფეხსაცმელი, გრძელმკლავიანი მაისურები და გრძელი შარვალი.

●ატარეთ ღია ფერები, რათა ტანსაცმელზე ნებისმიერი ტკიპა დაინახოთ.

●გამოიყენეთ სპრეი ტკიპების მოსაშორებლად. კანზე გამოიყენეთ სპრეი, რომელიც  შეიცავს ქიმიკატს “DEET”.  ტანსაცმელსა და ხელსაწყოებზე გამოიყენეთ მავნებლების საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც შეიცავს ქიმიურ ნივთიერებას  “პერმეტრინს”.

●გარეთ ან ძაღლებთან ყოფნის შემდეგ შეამოწმეთ თქვენი სხეული ტკიპებზე. შეამოწმეთ თავის თმიანი ნაწილი, წელი, მკლავები, საზარდულის ნაწილი და მუხლების უკანა მხარე. თუ შვილები გყავთ, შეამოწმეთ ისინიც ტკიპებზე.