ალერგიული რინიტი

ალერგიული რინიტი

ავტორი: ნინო ბალანჩივაძე

რინიტი ცხვირის ღრუს ანთებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია  ცემინება, ქავილი, ცხვირის შეშუპება,  გამონადენი და პოსტნაზალური ჩანადენი (შეგრძნობა, რომ ლორწო სინუსებიდან პირდაპირ ყელში ჩაედინება).

რინიტის ხანმოკლე ეპიზოდები ჩვეულებრივ გამოწვეულია სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციებით, მაგ. ჩვეულებრივი გაციებით. ალერგიულ რინიტს იწვევს ჩვენს გარშემო ჰაერში არსებული ალერგენები.

ქრონიკული (გახანგრძლივებული) რინიტი, როგორც წესი გამოწვეულია ალერგიით, მაგრამ მას ასევე შეიძლება იწვევდეს გარკვეული მედიკამენტების გადაჭარბებული მოხმარება, მაგ: ცხვირის დეკონგესტანტური სპრეები, სასუნთქი გზების ”უწყვეტი დადებითი წნევის (CPAP)” აპარატების ხანგრძლივი გამოყენება -ძილის აპნოეს სამკურნალოდ, ასევე სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობები და მრავალი უცნობი ფაქტორები.

ადამიანების უმეტესობისთვის ალერგიული რინიტი არის გახანგრძლივებული მდგომარეობა, რომელიც დროთა განმავლობაში ქრება. საბედნიეროდ, სიმპტომები ჩვეულებრივ შეიძლება გაკონტროლდეს გარემოს დაცვითი ღონისძიებების, მედიკამენტების და იმუნოთერაპიის კომბინაციით.

ვის ემართება ალერგიული რინიტი?

ალერგიული რინიტი ემართებათ  ადამიანების ყველა ასაკობრივი ჯგუფის  დაახლოებით 20 პროცენტს.  ალერგიული რინიტის განვითარების რისკი გაცილებით მაღალია ასთმის ან ეგზემის მქონე ადამიანებში და პირებში,  რომელთა ოჯახის წევრები დაავადებულნი არიან ასთმით ან ალერგიული რინიტით.

ალერგიული რინიტი შეიძლება  ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს, თუმცა ადამიანების უმეტესობას სიმპტომები პირველად ბავშვობაში ან მოზარდობაში უვითარდებათ. სიმპტომები ყველაზე ხშირად მწვავედაა გამოხატული ბავშვებში და 30-40 წლის ადამიანებში. თუმცა სიმპტომების სიმძიმე როგორც წესი, განსხვავდება ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში. ზოგიერთი ადამიანი ცხოვრების მანძილზე გადის პერიოდებს, როდესაც საერთოდ არ უვლინდებათ სიმპტომები.

ალერგიული რინიტის გამომწვევი მიზეზები

ალერგიული რინიტი გამოწვეულია   ჰაერში არსებულ  მცირე ნაწილაკებზე რეაქციით, რომლებსაც ალერგენებს უწოდებენ (ნივთიერებები, რომლებიც იწვევს ალერგიულ რეაქციას).  ადამიანებში ეს ნაწილაკები იწვევენ რეაქციებს ცხვირში (ალერგიული რინიტი),  ან ფილტვებში (ასთმა) და ან თვალებში (ალერგიული კონიუნქტივიტი) ან ამ მდგომარეობების კომბინაციებს.

ალერგიული რეაქცია  ორგანიზმში მიმდინარეობს ორი ტიპის ანთებითი უჯრედების, მასტოციტების და ბაზოფილების გააქტიურების შედეგად, რომლებიც აწარმოებენ ბუნებრივ ქიმიკატებს, როგორიცაა ჰისტამინი, რომელიც იწვევს სიმპტომებს, როგორიცაა ცხვირის შეშუპება, ქავილი, ცემინება და ცხვირიდან გამონადენი.

სეზონური და მრავალწლიანი ალერგიული რინიტი – ალერგიული რინიტი შეიძლება იყოს სეზონური (წარმოიქმნება კონკრეტულ სეზონზე) ან მრავალწლიანი (წელიწადის განმავლობაში).

● ალერგენები, რომლებიც ყველაზე ხშირად იწვევენ სეზონურ ალერგიულ რინიტს, მოიცავს ხეების, ბალახების და სარეველების მტვერს.

●ალერგენები, რომლებიც ყველაზე ხშირად იწვევენ მრავალწლიან ალერგიულ რინიტს, არის მტვრის ტკიპები, ტარაკნები, ცხოველების ბეწვი და სოკოები. მრავალწლიანი ალერგიული რინიტის მკურნალობა უფრო რთულია.

 საერთო ნიშნები და სიმპტომები

ალერგიული რინიტის სიმპტომები განსხვავებულად გამოიხტება სხვადასხვა ადამიანში. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი “რინიტი” ეხება მხოლოდ ცხვირთან დაკავშირებულ პრობლემებს, ბევრ პაციენტში შეიძლება გავლენა მოახდინოს თვალებზე, ყელზე და ყურებზე. შესაძლოა ძილიც დარღვევებიც დაფიქსირდეს.

სიმპტომები შეიძლება შეიცავდეს შემდეგს:

ცხვირი – ცხვირიდან წყლიანი გამონადენი, ცხვირის არხის ჩაკეტვა, ცემინება, ცხვირის ქავილი, პოსტნაზალური ჩანადენი, გემოვნების დაკარგვა, სახის მიდამოში ზეწოლის სეგრძნება ან ტკივილი

თვალები – თვალების ქავილი, სიწითლე, ქვიშის შეგრძნება, შეშუპება და თვალების ქვემოთ კანის მუქი შეფერილობა (ე.წ. „ალერგიული მბზინავი“)

ყელი და ყურები – ყელის ტკივილი, ჩახლეჩილი ხმა, ყურების გაჭედვა, ყელის ან ყურების ქავილი.

ძილი -ღამით  პირით სუნთქვა, ხვრინვა, ხშირი გაღვიძება, დღისით დაღლილობა, რაც ნორმალური აქტივობების (მაგ. სამუშაო) კეთების პრობლემა ხდება.

ალერგიული რინიტის დიაგნოზი

 ექიმი ალერგიული რინიტის დიაგნოზს სვამს  სიმპტომების  და ფიზიკური გამოკვლევის ჩატარების შედეგად. სამედიცინო ტესტებს კი შეუძლიათ დაადასტურონ დიაგნოზი და გამოავლინონ გამომწვევი ალერგენები.

ალერგენების და სხვა გამომწვევი ფაქტორების იდენტიფიცირება – ხშირად შესაძლებელია ალერგენების და სხვა ფაქტორების იდენტიფიცირება, რომლებიც იწვევს ალერგიული რინიტის პროვოცირებას. ამისთვის საჭიროა:

●გაიხსენოთ სად იყავით და რას აკეთებდით სიმპტომების დაწყებამდე (მაგალითად, დროის გატარება გარეთ ან ცხოველებთან ერთად)

●წელიწადის დროის აღნიშვნა, რომლის დროსაც შენიშნეთ სიმპტომები

●სახლის, სამუშაოსა და სკოლის გარემოს ყურადღებით დათვალიერება პოტენციური ალერგენების გამოსავლენად.

 თუ სიმპტომები კარგად არ კონტროლდება მედიკამენტებით, ან თუ არ არის ნათელი  რა იწვევს  სიმპტომებს შესაძლებელია ჩატარდეს  კანის ტესტირება. ეს გულისხმობს იმას, რომ ალერგოლოგი ათავსებს მცირე რაოდენობით სხვადასხვა ალერგენს თქვენს კანზე და აკვირდება, თუ რა იწვევს რეაქციას. ასევე ხელმისაწვდომია სისხლის ტესტები, თუმცა ისინი  ყველა სიტუაციაში არ არის საჭირო.

ალერგიული რინიტის მკურნალობა

ალერგიული რინიტის მკურნალობა მოიცავს ალერგენების და სხვა გამომწვევი ფაქტორების ზემოქმედების შემცირებას მედიკამენტურ თერაპიასთან ერთად. ადამიანების უმეტესობაში, ამ კომბინირებულ მიდგომას შეუძლია ეფექტურად გააკონტროლოს სიმპტომები.

ალერგიული რინიტის სიმპტომების გამომწვევი ანთების სამკურნალოდ რამდენიმე სხვადასხვა კლასის პრეპარატი გამოიყენება (ცხრილი 1).

 ცხრილი მოიცემულია მედიკამენტებს, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ალერგიული რინიტის (სეზონური ალერგიის) სიმპტომების სამკურნალოდ. OTC აღწერს მედიკამენტებს, რომლის შეძენაც შეგიძლიათ ექიმის დანიშნულების გარეშე. ეს მედიკამენტები შეიძლება იყიდოთ  სხვადასხვა ბრენდული სახელწოდებით. ამიტომ ყოველთვის წაიკითხეთ გენერიკული სახელები  OTC მედიკამენტების ეტიკეტზე, რათა დარწმუნდეთ, რომ არ იღებთ ერთი და იგივე მედიკამენტს სხვადასხა სახელწოდებით რაც საზიანო ხდება თქვენი ჯანმრთელობისთვის.  ასევე თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს ან გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, მიმართეთ ექიმს რათა დარწმუნდეთ, რომ OTC მედიკამენტები თქვენთვის უსაფრთხოა. მედიკამენტების ნაწილი, რომელიც ადრე მხოლოდ რეცეპტით გაიცემოდა, ხელმისაწვდომი ხდება როგორც OTC.

კატეგორიამედიკამენტებისაჭიროა რეცეპტი თუ ხელმისაწვდომია ურეცეპტოდ
  ცხვირის სტეროიდული სპრეებიბეტამეტაზონი ბუდესონიდი ციკლესონიდი ფლუნიზოლიდი ფლუტიკაზონის ფუროატი ფლუტიკაზონის პროპიონატი მომეტაზონი ტრიამცინოლონიზოგი რეცეპტით იყიდება, ზოგი ურეცეპტოდ – OTC
  ნაკლებად დამამშვიდებელი პერორალური ანტიჰისტამინური აბებიცეტირიზინი დეზლორატადინი ფექსოფენადინი ლევოცეტირიზინი ლორატადინიზოგი რეცეპტით იყიდება, ზოგი ურეცეპტოდ – OTC
  დამამშვიდებელი პერორალური ანტიჰისტამინური აბები (1)  ქლორფენირამინი კლემასტინი დიფენჰიდრამინიOTC
  ცხვირის ანტიჰისტამინური სპრეები(2)აზელასტინი ოლოპატადინიOTC
  ცხვირის სტეროიდული/ანტიჰისტამინური კომბინირებული სპრეებიფლუტიკაზონი და აზელასტინი მომეტაზონი და ოლოპატადინისარეცეპტურო
  ორალური დეკონგესტანტი/ანტიჰისტამინური კომბინირებული აბები(3)ბრომფენირამინი-ფსევდოეფედრინი ცეტირიზინი-ფსევდოეფედრინი ქლორფენირამინი-ფსევდოეფედრინი ფექსოფენადინი-ფსევდოეფედრინი ლორატადინი-ფსევდოეფედრინიOTC
 ცხვირის კრომოლინის სპრეიკრომოლინიOTC

_(1)ეს მედიკამენტები ხშირად იწვევენ სედაციურ ეფექტს და არ უნდა იქნეს გამოყენებული მანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის წინ. ნაკლებად სედაციური ორალური ანტიჰისტამინები ხშირად უკეთესი არჩევანია, რადგან ისინი არ იწვევენ მოდუნებას.

_(2)ცხვირის ანტიჰისტამინური სპრეის გადაყლაპვის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ გამოიწვიონ იგივე გვერდითი მოვლენები, როგორიც ორალურმა ანტიჰისტამინებმა, როგორიცაა სედაცია. ცხვირის სპრეის გამოყენებისას, ჩაისუნთქეთ ან ამოისუნთქეთ ნაზად, რათა წამალი ცხვირში დარჩეს.

_(3)ფსევდოეფედრინი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში, ხანდაზმულებში ან გარკვეული სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანებში (მაგ., მაღალი წნევა, გულის დაავადება, ინსულტი,  პროსტატის ჰიპერპლაზია). ფსევდოეფედრინის გამოყენებამდე გაესაუბრეთ ექიმს.

არსებობს მკურნალობის სხვა მიდგომებიც, მათ შორის ცხვირის ირიგაცია, ალერგიის ინექციები ან ტაბლეტები, რომლებიც იხსნება ენის ქვეშ. საუკეთესო მკურნალობა(ები) დამოკიდებული ინდივიდუალურ სიმპტომებზე და პირად პრეფერენციებზე.

გამომწვევ(ებ)ის თავიდან აცილება – ზოგჯერ ადამიანებს შეუძლიათ ალერგიული რინიტის მკურნალობა უბრალოდ გამომწვევი მიზეზების თავიდან აცილებით. მაგალითად, თუ ნათესავს ან მეგობარს ჰყავს კატა რომლის ბეწვიც იწვევს ცემინებას და თვალების ქავილს, შეგიძლიათ თავი აარიდოთ მის სახლში ხანგრძლივად ყოფნას ან მიიღოთ ანტიჰისტამინები ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე. თუმცა, ალერგენების უმეტესობის თავიდან აცილება გაცილებით რთულია.

ცხვირის კორტიკოსტეროიდული სპრეი — ცხვირის სპრეით მიწოდებული ცხვირის კორტიკოსტეროიდები (სტეროიდები) არის პირველი რიგის მკურნალობა ალერგიული რინიტის სიმპტომებისთვის. ამ პრეპარატებს აქვთ მცირე გვერდითი მოვლენები და მკვეთრად ალაგებს სიმპტომებს შემთხვევათა უმეტესობაში. კვლევებმა აჩვენა, რომ ადგილობრივი ნაზალური სტეროიდები უფრო ეფექტურია, ვიდრე ორალური ანტიჰისტამინები სიმპტომების შესამსუბუქებლად.

ნაწილი ცხვირის სტეროიდებისა აფთიაქიდან გაიცემა ურეცეპტოდ, ნაწილი კი საჭიროებს რეცეპტს (ცხრილი N1). ეს წამლები განსხვავდება დოზირების სიხშირის, სპრეის მოწყობილობისა და ფასის მიხედვით, მაგრამ ყველა ერთნაირად ეფექტურია ალერგიული რინიტის ყველა სიმპტომის სამკურნალოდ.

თუ პაციენტს აღენიშნება მძიმე სიმპტომები, შეიძლება დაჭირდეს ცხვირის დეკონგესტანტის გამოყენება  სტეროიდების მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე, ცხვირის შეშუპების შესამცირებლად. ეს საშუალებას აძლევს სტეროიდებს მიაღწიოს  ცხვირის წიაღებს უფრო მეტ ზონაში.

როგორ გამოვიყენოთ ცხვირის სპრეი – ცხვირის სპრეი საუკეთესოდ მოქმედებს, როდესაც ისინი სწორად გამოიყენება და წამალი რჩება ცხვირში, ვიდრე გადაედინება ყელის უკანა ნაწილში. თუ პაციენტს ცხვირში აღენიშნება ლორწოვანი გამონადენი და ქერქი მედიკამენტების შემცველი სპრეების გამოყენებამდე უმჯობესია ცხვირი გამოირეცხოს  მარილიანი ხნარით.

დაიჭირეთ თავი პირდაპირ ან ოდნავ ჩაწეული ნიკაპით. მიმართეთ სპრეი ცხვირის ძგიდისგან (ხრტილი, რომელიც ყოფს ცხვირს ორ მხარედ) მოშორებით. შესხურების შემდეგ ნაზად შეისუნთქეთ, რათა სპრეი ცხვირის უფრო მაღალ ნაწილებში გადაიტანოთ. მოერიდეთ ძლიერ შესუნთქვას, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს წამლის  ყელში გადადინება.

გვერდითი მოვლენები – ცხვირის სტეროიდების მიერ გამოწვეული გვერდითი ეფექტები მსუბუქია და შეიძლება მოიცავდეს ოდნავ უსიამოვნო სუნს ან გემოს, ან ცხვირის გარსის გამოშრობას. ზოგიერთ ადამიანში ცხვირის სტეროიდები იწვევს ცხვირის ძგიდის გაღიზიანებას, ქერქის წარმოქმნას და სისხლდენას, განსაკუთრებით ზამთარში. ამ პრობლემების მინიმუმადე დაყვანა შესაძლებელია სტეროიდების დოზის შემცირებით, სპრეის გამოყენებამდე ცხვირის დამატენიანებელი გელის ან სპრეის გამოყენებით ან წყლის ბაზაზე დამზადებული სპრეების გამოყენებით (და არა ალკოჰოლზე დაფუძნებული).

კვლევებმა აჩვენა, რომ ცხვირის სტეროიდები ზოგადად უსაფრთხოა მრავალი წლის განმავლობაში გამოყენებისას. თუმცა, თუ ამ წამლებს იყენებთ წლების განმავლობაში, უმჯობესია აცნობოთ ექიმს.უნდა გაიაროთ პერიოდული ცხვირის გამოკვლევა იშვიათი გვერდითი ეფექტების შესამოწმებლად, მაგალითად როგორიცაა ცხვირის ინფექციები.

 მართალია რომ, სხვა ფორმებით მიღებულ სტეროიდებს (აბების სახით ან ფილტვებში ჩასუნთქული) შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, განსაკუთრებით დიდი ხნის განმავლობაში მიღებისას. თუმცა, ცხვირის სტეროიდებში გამოყენებული დოზები დაბალია და არ არის დაკავშირებული ამ გვერდით მოვლენებთან. მიუხედავად ამისა, ექიმები ჩვეულებრივ გვირჩევენ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის გამოყენებას.

გამოყენება ბავშვებში – ბავშვებში სტეროიდული ნაზალური სპრეის გამოყენებამ შეიძლება ოდნავ შეანელოს ზრდის ტემპი. თუ თქვენს შვილს სჭირდება ცხვირის სტეროიდული სპრეი წელიწადში ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, მიმართეთ მის ექიმს რჩევისთვის.

ანტიჰისტამინები – ანტიჰისტამინები ხსნის ქავილს, ცემინებას და ცხვირიდან გამონადენს ალერგიული რინიტის დროს, მაგრამ ისინი არ ხსნის ცხვირის შეშუპებას. ცხვირის სტეროიდებთან ან დეკონგესტანტებთან ერთად მათმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების უფრო მეტად შემსუბუქება, ვიდრე რომელიმე ამ მედიკამენტის ცალ-ცალკე გამოყენებამ.

არასედაციური პერორალური ანტიჰისტამინები — ჩვეულებრივ პერორალური ანტიჰისტამინები მოიცავს ხანგრძლივი მოქმედების(24 საათიანი) მედიკამენტებს: ლორატადინს, დესლორატადინს, ცეტირიზინის, ლევოცეტირიზინს  და ფექსოფენადინის (ცხრილი 1).

სედაციური პერორალური ანტიჰისტამინები — ქლორფენირამინი, დიფენჰიდრამინი და კლემასტინი უკვე რამდენიმე წელია ბაზარზე ხელმისაწვდომია რეცეპტის გარეშე. თუმცა, ეს პრეპარატები ხშირად იწვევენ სედაციას და არ უნდა იქნას გამოყენებული ავტომობილის მართვის, მექანიზმებთან მუშაობის წინ ან ბავშვებში. მაშინაც კი, თუ ანტიჰისტამინის მიღების შემდეგ არ იგრძნობთ ზედმეტ ძილიანობას, ამ პრეპარატებს შეიძლება ჰქონდეთ დამამშვიდებელი ეფექტი, ამიტომ მნიშვნელოვანია სიფრთხილე. აქედან გამომდინარე ანტიჰისტამინების არჩევისას უპირატესობა ენიჭება ახალი თაობის არასედაციურ ანტიჰისტამინებს.

 ცხვირის სპრეები – აზელასტინი  და ოლოპატადინი არის ცხვირის ანტიჰისტამინური სპრეები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ყოველდღიურად ან საჭიროებისას შემდგომი სიმპტომების შესამსუბუქებლად: პოსტნაზალური ჩანადენი, შეშუპება და ცემინება. ამ მოქმედი ნივთიერებებით სპრეები  მოქმედებას იწყებს გამოყენებიდან რამოდენიმე წუთში. აზელასტინის ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტი არის გამოყენებისთანავე ცუდი გემო პირში. ამ გვერდითი ეფექტის  მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია  შეფრქვევის დროს თავის წინ დახრით, რათა თავიდან ავიცილოთ წამლის გადადინება ყელში.

 თვალის წვეთები – თუ პაციენტს აღენიშნება ქავილი ან თვალების გაღიზიანება სხვა ალერგიის სიმპტომებით, ექიმმა შეიძლება გამოწეროს რეცეპით ან ურეცეპტოდ გასაცემი ანტიჰისტამინური თვალის წვეთები.

კომბინირებული კორტიკოსტეროიდი/ანტიჰისტამინური ცხვირის სპრეი – სტეროიდული ფლუტიკაზონისა და  ანტიჰისტამინური აზელასტინის  კომბინაცია, როგორც ჩანს, უკეთესად აუმჯობესებს ალერგიული რინიტის სიმპტომებს, ვიდრე თითოეული ცალ-ცალკე. გამოიყენება  12 წლის ზემოთ  ადამიანებში და რეკომენდირებული დოზაა ერთი შესხურება თითოეულ ნესტოში  დღეში ორჯერ . ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენებია ცუდი გემო, ცხვირიდან სისხლდენა და თავის ტკივილი.

დეკონგესტანტები – დეკონგესტანტური ფსევდოეფედრინი ხელმისაწვდომია ანტიჰისტამინებთან ერთად ზოგიერთ ორალურ, ურეცეპტოდ გასაცემად ალერგიის სამკურნალო საშუალებებში. მაგალითად  ბრომფენირამინს და ფსევდოეფედრინის, ლორატადინ-ფსევდოეფედრინის, ცეტირიზინ-ფსევდოეფედრინის, ფექსოფენადინ-ფსევდოეფედრინის კომბინაციები (ცხრილი 1).

ორალური დეკონგესტანტების გამოყენება გვერდითი ეფექტების გამო არის მიზანშეწონილი მაღალი წნევის მქონე ადამიანებისთვის ან გარკვეული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.

ასევე ხელმისაწვდომია დეკონგესტანტები ცხვირის სპრეის სახით, მათ შორის ოქსიმეტაზოლინი და ფენილეფრინი, თუმცა ისინი არ არის რეკომენდებული ალერგიული რინიტის სამკურნალოდ. უმჯობესია გამოიყენოთ მედიკამენტები რომლებიც შეიძლება უსაფრთხოდ მიიღოთ კვირების ან თუნდაც თვეების განმავლობაში, მაგალითად როგორიცაა ცხვირის სტეროიდული სპრეები. ცხვირის დეკონგესტანტური სპრეები არ უნდა იქნას გამოყენებული  ორ-სამ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, რადგან მათ შეუძლიათ გამოიწვიონ რინიტის ტიპი, სახელწოდებით “მედიკამენტური რინიტი”, რომელიც იწვევს ცხვირის მუდმივ შეშუპებას, თუ მედიკამენტი განმეორებით არ არის გამოყენებული. ამ მდგომარეობის მკურნალობა შეიძლება რთული იყოს.

კრომოლინი — კრომოლინი  ხელს უშლის ალერგიული რინიტის სიმპტომებს განვითარებას ალერგიული უჯრედების მიერ ბუნებრივი ქიმიკატების გამომუშავების დათრგუნვით, რომლებიც იწვევენ ანთებას.  ის ხელმისაწვდომია ურეცეპტოდ. კრომოლინი უნდა იქნას გამოყენებული დღეში რამდენჯერმე სეზონური ალერგიული რინიტის სიმპტომების ეფექტურად პრევენციისთვის. ის უკეთესად მუშაობს, თუ გამოიყენება სიმპტომების დაწყებამდე. ზოგადად კრომოლინით მკურნალობა არ არის ისეთივე ეფექტური როგორიც სხვა მედიკამენტებით, მაგრამ შეიძლება იყოს კარგი ვარიანტი დროებითი სიტუაციებისთვის, მაგალითად, თუ  სტუმრობთ მეგობარებს ან ნათესავებს რომლებთაც ყავთ შინაური ცხოველები, რომლებიც იწვევს ალერგიის სიმპტომებს.

ცხვირის ირიგაცია და მარილიანი სპრეი — ცხვირის მარილიანი ხსნარით (მარილიანი წყალი) გამორეცხვას “ცხვირის ირიგაცია” ან “ცხვირის გამორეცხვა” ეწოდება. ფიზიოლოგიური ხსნარი ასევე ხელმისაწვდომია სტანდარტული ცხვირის სპრეების ფორმით, თუმცა  არ არის ისეთივე ეფექტური, როგორც ირიგაციისას  დიდი რაოდენობით წყლის გამოყენება.

ცხვირის ირიგაცია განსაკუთრებით სასარგებლოა პოსტნაზალური ჩანადენის, ცემინების, ცხვირის სიმშრალისა და შეშუპების სამკურნალოდ. მკურნალობა ხელს უწყობს ცხვირიდან ალერგენებისა და გამღიზიანებლებლების გამორეცხვას. მარილიანი გამრეცხვები ასევე ასუფთავებს ცხვირის გარსს. მარილიანი ხსნარით გამორეცხვა სამკურნალო სპრეების გამოყენებამდე ხელს უწყობს წამლის უკეთეს ათვისებას და მოქმედებას.

ცხვირის ირიგაცია გამთბარი ფიზიოლოგიური ხსნარით შეიძლება ჩატარდეს დღეში ერთხელ ან ორჯერ, იმ შემთხვევაში თუ სიმპტომები მძიმეა. ცხვირის ირიგაცია შეიცავს მცირე რისკებს, როდესაც კეთდება სწორად და სტერილიზებული ან გამოხდილი წყლით დამზადებული ფიზიოლოგიური ხსნარით.

ცხვირის ირიგაციისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა მოწყობილობები, მათ შორის შპრიცები, ნეტის ქოთნები და საწნეხი ბოთლები. ექიმს ან ფარმაცევტს რჩევით შეგიძლიათ შეიძინოთ ცხვირის ირიგაციის ნაკრებები , რომლებიც ხელმისაწვდომია რეცეპტის გარეშე.

ალერგენის იმუნოთერაპია – იმუნოთერაპია გულისხმობს ალერგენებზე ადამიანის იმუნური სისტემის რეაქციის შეცვლას. იმუნოთერაპიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა რეგულარული ინექციები. ხართ თუ არა იმუნოთერაპიის კანდიდატი, დამოკიდებულია თქვენს ისტორიაზე და იმაზე, თუ რაზე ხართ ალერგიული. ეს მოიცავს კანის და/ან სისხლის ანალიზს თქვენი კონკრეტული ალერგენ(ებ)ის დასადასტურებლად.

ალერგიის ინექციები – ალერგიის აცრები, რომელიც ასევე ცნობილია როგორც “ალერგენული იმუნოთერაპია”, ხელმისაწვდომია მხოლოდ ჩვეულებრივი ალერგენებისთვის, მათ შორის მტვრის, კატისა და ძაღლის ბეწვის, მტვრის ტკიპებისა და ობისთვის. (ისინი არ გამოიყენება საკვების, ლატექსის ან მედიკამენტების მიმართ ალერგიის სამკურნალოდ.) აცრები შეიცავს ალერგენ(ებ)ის ხსნარებს, რომლებზეც ალერგიულია ადამიანი. თითოეული ინექცია მზადდება ინდივიდუალურად. იმუნოთერაპიის პროცესი დროთა განმავლობაში ცვლის პაციენტის იმუნურ პასუხს ალერგენებზე. შედეგად, ალერგენის ზემოქმედება იწვევს ნაკლებ სიმპტომებს და შესაძლოა მათი საერთოდ აღმოფხვრა.

იმუნოთერაპია შეიძლება დაეხმაროს ალერგიული რინიტით დაავადებულ ბევრ ადამიანს. ბავშვებში იმუნოთერაპიამ შეიძლება ხელი შეუშალოს ალერგიული ასთმის შემდგომ განვითარებას. თუმცა, იმუნოთერაპია შედარებით შრომატევადია და ხშირად რეზერვირებულია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ ცუდი რექცია მედიკამენტებზე ან სურთ შეამცირონ წამლების რაოდენობა, რაც მათ სჭირდებათ გრძელვადიანი მკურნალობისთვის. პაციენტები, როდესაც იწყებენ იმუნოთერაპიას თავდაპირველად რჩებიან მედიკამენტებზე და შემდეგ, თანდათან სიმპტომების გაუმჯობესის კვალდაკვალ ამცირებენ პრეპარატების რაოდენობას.

იმუნოთერაპიას ჩვეულებრივ ატარებს ალერგოლოგი. მკურნალობა იწყება რამდენიმეთვიანი ყოველკვირეული ინექციებით თანდათან მზარდი დოზებით, რასაც მოჰყვება ყოველთვიური შემანარჩუნებელი ინექციები.

იმუნოთერაპიის ინექციებზე ყოველი 10000 ადამიანიდან 6  შეიძლება გამოუვლინდეს მწვავე ალერგიული რეაქცია, რომელიც ჩვეულებრივ იწყება ინექციიდან ნახევარ საათში. ამიტომ  რუტინული ინექციების შემდეგ მოგიწევთ ექიმის კაბინეტში დარჩენა, რათა მიიღოთ დაუყოვნებელი მკურნალობა, თუ გამოგივლინდათ რაიმე ტიპის რეაქცია.

ბეტა ბლოკერებმა შეიძლება ხელი შეუშალონ მკურნალობას, ამიტომ პაციენტებს ურჩევენ იმუნოთერაპიისგან თავის შეკავებას ან მედიკამენტების სხვა ჯგუფზე გადასვლას. თუ უკვე იტარებთ იმუნოთერაპიას და ექიმი მაღალი წნევის ან სხვა მდგომარეობის სამართავად დაგინიშნავთ ბეტა ბლოკერს მნიშვნელოვანია ამის შესახებ აცნობოთ ალერგოლოგს.

ენის ქვეშ მოსათავსებელი იმუნოთერაპიული აბები — „სუბლინგვური იმუნოთერაპია“ არის იმუნოთერაპიის ფორმა, რომელიც ტარდება ყოველდღიური აბების სახით, რომელიც იხსნება ენის ქვეშ.  სუბლინგვალური იმუნოთერაპია ტარდება  წელიწადის რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველ დღე. პირველი დოზის გამოყენება ხდება კლინიკაში გვერდითი რეაქციების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ ამის შემდეგ შეგიძლიათ მიიღება გააგრძელოთ სახლში. ამ ტიპის მკურნალობა არ გულისხმობს ინექციების გაკეთებას და უსაფრთხოა, რადგან იშვიათად იწვევს მძიმე ალერგიულ რეაქციებს. თუმცა, ის ხელმისაწვდომია მხოლოდ რამდენიმე ტიპის ალერგიისთვის და თუ დაგავიწყდათ აბების ყოველდღიურად მიღება, მკურნალობამ შესაძლოა ვერ იმოქმედოს.

სხვა მკურნალობა — ალერგიული რინიტის მქონე ზოგიერთი ადამიანისთვის შეიძლება რეკომენდებული იყოს სხვა პრეპარატებიც.

 ● იპრატროპიუმი – ეს პრეპარატი, რომელიც ხელმისაწვდომია იპრატროპიუმის ბრომიდის სახით , შეიძლება დაეხმაროს ძლიერი სურდოს მკურნალობაში. ის ზოგადად არ არის რეკომენდებული გლაუკომის მქონე ადამიანებისთვის ან გადიდებული პროსტატის მქონე მამაკაცებისთვის.

● ლეიკოტრიენის მოდიფიკატორები –  ლეიკოტრიენების მოქმედების დამთრგუნველი პრეპარატები, რომლებსაც ლეიკოტრიენის მოდიფიკატორები ეწოდებათ, შეიძლება  სასარგებლო იყოს როგორც ასთმის, ასევე ალერგიული რინიტის მქონე ადამიანებისთვის.  თუმცა, ალერგიული რინიტის სამკურნალოდ ცხვირის სტეროიდები უფრო ეფექტურია, ვიდრე ლეიკოტრიენის მოდიფიკატორები. ამრიგად,  ზოგადად ისინი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ასევე აქვთ ასთმა ან აქვთ ცხვირის სპრეებს  აუტანლობა(მაგალითად, ცხვირიდან სისხლდენის გამო).

 ალერგიული რინიტი ორსულობის დროს

ორსულობამდე ალერგიული რინიტის მქონე ქალებმა შეიძლება შეამჩნიონ სიმპტომების გაუარესება, გაუმჯობესება ან საერთოდ არ შეცვალონ ისინი ორსულობის დროს. ქალების უმეტესობას ორსულობის გვიან სტადიაზე ცხვირის გარკვეული შეგუბება აღენიშნება, მაშინაც კი, თუ ადრე რინიტი არ ჰქონიათ. ამას „ორსულობის რინიტი“ ეწოდება და დაკავშირებულია ორგანიზმში ჰორმონების დონესთან და არა ალერგიასთან. ორსულობის რინიტი მედიკამენტებზე არ რეაგირებს და მშობიარობის შემდეგ ქრება. ქვემოთ მოცემული განხილვა მხოლოდ ალერგიულ რინიტს ეხება.

ზოგადი წესის თანახმად, ორსულობის დროს მედიკამენტების უმეტესობა უნდა იქნას აცილებული ან გამოყენებული იქნას ყველაზე დაბალი დოზით, რომელიც სიმპტომებს აკონტროლებს. თუ ორსულად ხართ, მნიშვნელოვანია, რომ გადახედოთ ნებისმიერ მედიკამენტს (ურეცეპტოდ ან რეცეპტით გასაცემი) მის მიღებამდე და კითხვების შემთხვევაში მიმართოთ თქვენს ექიმს. თუმცა, ალერგიული რინიტის სამკურნალოდ გამოყენებული რამდენიმე პრეპარატი ორსულობის დროს უსაფრთხოდ ითვლება, ამიტომ, თუ სიმპტომები შემაწუხებელია, თქვენი მეან-გინეკოლოგისთვის ხელმისაწვდომია ვარიანტები.

თუ ორსულად ხართ და მსუბუქი რინიტი გაქვთ, სიმპტომების კონტროლი შესაძლებელია მხოლოდ მარილიანი ცხვირის სპრეის ან ირიგაციის გამოყენებით, რომლებიც არ შეიცავს არანაირ მედიკამენტს (იხილეთ ზემოთ „ცხვირის ირიგაცია და მარილიანი სპრეი“).

მედიკამენტებიდან უფრო უსაფრთხო ვარიანტებად ითვლება:

● ცხვირის სპრეი – გარკვეული ცხვირის სპრეი ორსული ქალებისთვის გონივრული ვარიანტია, რადგან სიმპტომების კონტროლისთვის გაცილებით ნაკლები მედიკამენტია საჭირო, როდესაც ის პირდაპირ ცხვირში შეისხურება, იმავე მედიკამენტის პერორალურად მიღებასთან შედარებით.

• კრომოლინის ცხვირის სპრეი უსაფრთხოა ორსულობის დროს გამოსაყენებლად. ამ მედიკამენტის გამოყენებისას სისხლში პრეპარატის მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობა შეიწოვება და სერიოზული გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. (იხილეთ ზემოთ „კრომოლინი“.)

• ნაზალური სტეროიდების ჯგუფი ორსულობის დროს უსაფრთხოდ ითვლება, თუმცა ზოგიერთი მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია არსებობს. მოსარიდებელია ტრიამცინოლონს მიღება, რადგან ერთ-ერთი კველევის საფუძველზე დადგინდა, რომ ორსულობის პირველ ტრიმესტრში მისმა მიღებამ შესაძლოა გაზარდოს თანდაყოლილი სასუნთქი გზების დეფექტების რისკი. საერთო ჯამში, კვლევა ადასტურებს ნაზალური სტეროიდების გამოყენებას ჩვენების შემთხვევაში. შემდგომი კვლევების მოლოდინში, პირველ ტრიმესტრში გამოსაყენებლად უპირატესობა ენიჭება სხვა პრეპარატების გამოყენებას, როგორიცაა ფლუტიკაზონი, ბუდესონიდი ან მომეტაზონი, (იხილეთ „კორტიკოსტეროიდული ცხვირის სპრეი“)

 ანტიჰისტამინური საშუალებები – ცეტირიზინი, ლორატადინი და ქლორფენირამინი ორსულობის დროს უსაფრთხოდ ითვლება.

შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებები – ორსულობის პირველ ტრიმესტრში, თუ შესაძლებელია, თავი უნდა აარიდოთ ფსევდოეფედრინის მიღებას, რადგან მისი უსაფრთხოება დადასტურებული არ არის. პირველი ტრიმესტრის შემდეგ, ის უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და მხოლოდ დანიშნულებისამებრ. მისი გამოყენება საერთოდ არ უნდა მოხდეს, თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა ან პრეეკლამფსია. ფენილეფრინი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს.

ალერგიის საწინააღმდეგო აცრები – თუ უკვე იკეთებთ ალერგიის საწინააღმდეგო აცრებს და წარსულში არ გქონიათ ალერგიული რეაქციები აცრებზე, შეგიძლიათ მკურნალობა ორსულობის განმავლობაში გააგრძელოთ. თუმცა, ორსულობის დროს დოზა არ უნდა გაიზარდოს სერიოზული ალერგიული რეაქციის (ანაფილაქსიის) რისკის გამო, რამაც შესაძლოა შეამციროს განვითარებადი ნაყოფის სისხლის მიწოდება. იმავე მიზეზით, ალერგიის საწინააღმდეგო აცრები ორსულობის დროს არ იწყება

 ალერგიული რინიტი პატარა ბავშვებში

ალერგიული რინიტი ორ წლამდე ასაკის ბავშვებში ხშირი არ არის, რადგან მათ გარემოში ალერგენებთან დიდი კონტაქტი არ აქვთ. თუ ბავშვს  აღენიშნება სიმპტომები, როგორიცაა მუდმივი სურდო, მშობელმა უნდა მიმართოს ექიმს სხვა შესაძლო მიზეზების შესამოწმებლად. თუ ექიმი დაადგენს, რომ მას აქვს ალერგიული რინიტი, მკურნალობის ვარიანტები მოიცავს კრომოლინს (იხ. „კრომოლინი“ ზემოთ) და არასედაციურ ანტიჰისტამინურ პრეპარატებს, რომელთა უმეტესობა ხელმისაწვდომია თხევადი ფორმით (იხ. „არასედაციური პერორალური ანტიჰისტამინური პრეპარატები“ ზემოთ). თუ ისინი არ არის ეფექტური და  ბავშვის სიმპტომები მძიმეა,  ექიმმა შეიძლება გირჩიოთ კორტიკოსტეროიდული ცხვირის სპრეის გამოყენება შეზღუდული დროით. (იხ. „კორტიკოსტეროიდული ცხვირის სპრეი“ ზემოთ).

ორ წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ალერგიული რინიტის მკურნალობის ვარიანტები ზოგადად იგივეა, რაც მოზრდილებში. (იხ. „ალერგიული რინიტის მკურნალობა“ ზემოთ).